არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, დღეს კი ოთახში ჩაიკეტა - სირცხვილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი ოთახში თვითონ ჩაიკეტა.

ამის შესახებ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი აზრით, „ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება“.

„პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტი მიიღებდა. არაერთი მაგალითია უახლესი ისტორიიდან, სადაც კი ადგილი ჰქონდა კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას და ყველგან, პარლამენტმა და მართლმსაჯულებამ მიიღეს იგივე გადაწყვეტილებები, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არ ყოფილა ერთი ინციდენტი მხოლოდ, გარდა იმისა, რომ ნიკა მელია მონაწილეობდა პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, ამის შემდეგ საზოგადოებამ ის ნახა ასევე ძალადობრივ შეტევაზე და თავდასხმაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით, სადაც ის ასევე აცხადებდა, რომ კანონის არცერთ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა მაშინ, როდესაც არჩეული დეპუტატი, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია პირდაპირ აცხადებს, თავს კანონგარეშედ; აცხადებს, რომ კანონზე მაღლა დგას, არის განსაკუთრებული მოქალაქე, მაშინ, როდესაც სხვა მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს, პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებამ დაინახა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის ქმედებები, რასაც ახლა საზოგადოება ხედავს ნიკა მელიას მხრიდან, სირცხვილია.

„ამ ისტორიაში ღიმილისმომგვრელია ის, რომ თუ კარგად გავიხსენებთ, ნიკა მელიამ საჯარო მიტინგზე მოიხსნა სამაჯური და ის გადაუგდო ხალხს. მაშინ გააკეთა განცხადება, რომ სამაჯური უჭერდა მის თავისუფლებას, მის პოლიტიკურ ლიდერობას, მან თქვა რომ ის აღარ ემორჩილება სახელმწიფოს, კანონებს და იმ გადაწყვეტილებებს, რაც მასთან მიმართებაში აქვს მართლმსაჯულებას. დღეს, სანამ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს, ის გამაგრდა საკუთარ ოთახში და რაზეც ხალხს ეუბნებოდა, რომ მიუღებელია, იმას აკეთებს თავისი ნებით. ჩაიკეტა ოთახში და უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება. ჩემი აზრით, ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება. სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, რომ დღეიდან ის არის ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ რეაქციულ მოძრაობას. დღეს კი ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტიურად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე.

დღეს სამაჯურს ჩვენი ქვეყნის დაახლოებით, 400 თანამოქალაქე ატარებს. ამიხსენით, თუ მელია არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, თუ არ არის დაინტერესებული იმით, რომ თავს დაესხას ქვეყნის ინსტიტუტებს და კანონს, მაშინ რას ემსახურება ის, როდესაც ამბობს, რომ ამ 400 მოქალაქისგან განსხვავებით მან მოიხსნას სამაჯური თვითნებურად და მოისროლოს?! დანარჩენი მოქალაქეები რატომ უნდა დაემორჩილონ სასამართლოს, როდესაც იგივე შემთხვევები არის მომხდარი?!“ - განაცხადა თალაკვაძემ.ა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს