მაია ცქიტიშვილი მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის საათის ფორმატში, მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით, დეპუტატების - შალვა კერესელიძის და დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გენგეგმა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, მარეგულირებელი ჩარჩოა და საჭიროა ბევრი საკითხის გათვალისწინება.

„პირველ რიგში, როცა მცხეთის გენგეგმაზე ვსაუბრობთ, მგონი რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ყველას კომუნიკაციის პროცესში, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას, მერი იქნება, დეპუტატი, მინისტრი თუ სხვა, რადგანაც ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვართ. გენგეგმა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, არამედ ეს არის მარეგულირებელი ჩარჩო და გვიწევს ძალიან ბევრი საკითხის გათვალისწინება. პირველ რიგში, ესაა მსოფლიო მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქალაქისთვის განვითარების პირობების შექმნა, ბიზნესის, მოქალაქეების, ეკლესიის საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება და მაშინ როდესაც აქ ძალიან ბევრი ფაქტორი ერთიანდება ან პირიქით, უპირისპირდება ერთმანეთს, განსაკუთრებული სიფაქიზე და პასუხისმგებლობა გვმართებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნულ საკითხზე, კონსტრუქციული დიალოგი არ მიმდინარეობს.

„ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს. მოდით, გადავდოთ უთანხმოებები, პირადი მოსაზრებები და გავერთიანდეთ მცხეთის გენგეგმის პროცესის დასრულებისთვის. ბუნებრივია, შესაძლოა არსებობდეს შენიშვნები, შეკითხვები, მაგრამ პირველ რიგში, მცხეთის მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია უშუალოდ იმასთან დაკავშირებით თუ რა წერია დოკუმენტში, გამოხატონ თავისი აზრი და შესაბამისად, ძალიან ღია და ობიექტურ დიალოგში მივიდეთ უკვე იმ შეთანხმებამდე, რომელიც მოგვცემს საშუალებას საქმე ბოლომდე მივიყვანოთ",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს გენგეგმის კონცეფციის თანახმად, მცხეთის ადმინისტრაციული ფუნქციები ჟინვალს ან რომელიმე სხვა დასახლებას უნდა გადაეცეს.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და რა თქმა უნდა, საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ ასეთი ტიპით ინტერპრეტირება. რეალურად საუბარია ადმინისტრაციული ფუნქციების და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციაა ის, რომ ხელი შეუწყოს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს კონცეფციის მოსახლეობისთვის გაცნობას, რაც ჯერ მათ არ გაუკეთებიათ. დოკუმენტი მცხეთის მუნიციპალიტეტს არ გაუხდია საჯარო და შესაბამისად არ ვიცით მცხეთელების პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ, უკვე გავიგეთ, რომ მცხეთის მერს არ მოსწონს ეს კონცეფცია. მოდით, ნუ გამოვიყენებთ ტრიბუნას იმისათვის, რომ სხვებს მოვახვიოთ თავს სუბიექტური მოსაზრებები. უმჯობესია შევქმნათ შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული ადამიანი თავად გაეცნოს დოკუმენტს და წარიმართოს საჯარო დისკუსიები. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და საჯარო განხილვები, რომ მოვისმინოთ ყველას პოზიცია და გავითვალისწინოთ. მოდით, გავერთიანდეთ, რათა ეს დოკუმენტი მივიღოთ ექვსი წლის თავზე მაინც და არ ჩავაგდოთ ისევე, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა თვითმმართველობამ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს