ადვოკატის განცხადებით, ელექტრონული სამაჯური, რომელიც ნიკა მელიას ეკეთა, ბიჟუტერიის ფუნქციას ატარებდა და ეს პროკურატურამაც კარგად იცოდა

ქართული სასამართლოს პრაქტიკის ისტორიაში მელია ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც თითქოს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ისევ გირაო შეეფარდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ისინი პროკურატურის მხრიდან გამოვლენილ თითქოსდა, ჰუმანურობას კი არ ასაჩივრებენ, არამედ იმას, რომ პროკურატურა „კანონს როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს".

„საქმე, რომლის ირგვლივაც ვართ შეკრებილი, უპრეცედენტოა, ეს არის საქმე, რომელზეც აქამდე არსებული ყველა სამართლებრივი პრაქტიკა იცვლება.

ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც გირაოს პარალელურად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა. ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც საჯაროდ გამოსვლის უფლება შეეზღუდა.

ქართული სასამართლოს პრაქტიკის ისტორიაში მელია ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც თითქოს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ისევ გირაო შეეფარდა, თან დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები გაუუქმეს და ეს გამკაცრებად შეფასდა.

პარადოქსია, მაგრამ მელია ის ბრალდებულია, რომლის ერთიდაიგივე ქმედებაც პროკურატურის მხრიდან ხან სანიმუშო ქცევად ფასდება, ხან აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად.

მელია ის გამონაკლისია, რომელსაც პროკურატურა და პარლამენტი მოსამართლის განჩინების მიღმა გირაოს გადახდის ვადას უწესებს. მელია ის ბრალდებულია, რომელთანაც გირაოს განმარტების შედგენის ოქმიც არ განხორციელებულა.

მელია ერთადერთი ბრალდებულია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც პარლამენტის ორმა სხვადასხვა შემადგენლობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა, რომლითაც საპარლამენტო იმუნიტეტის ცნება ფეხქვეშ გათელა",- განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე განმარტებით, სამაჯური, რომელიც მელიას ეკეთა, ბიჟუტერიის ფუნქციას ატარებდა და ეს პროკურატურამაც კარგად იცოდა. ადვოკატის თქმითვე, დანარჩენი ყველა შემზღუდავი ღონისძიებაც ფორმალური იყო.

კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში მისი პოლიტიკურად განეიტრალების საკითხი დადგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს