როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ასევე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ საუბარია 3 500 საარჩევნო უბნის გახსნაზეც კი, თუ ამის საჭიროებას პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაინახავს. დეპუტატის აზრით, ამის გაკეთება შესაძლებელია მოწვეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
„ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რასაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური ოპოზიცია ჰქვია. დროებითი საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი იდეალური მექანიზმი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე სრული ჭეშმარიტება დადგინდეს. იციან რა, რომ ჭეშმარიტების დადგენა არის მათი ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის დასამარება, ნებისმიერი გზით ეცდებიან, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღონ. კომისიის საქმიანობის საწინააღმდეგოდ ნებისმიერ არგუმენტს მოიტანენ, პუტინსაც კი ჩართავენ - ამათ მხარდასაჭერად პუტინიც იტყვის რაღაცას, ოღონდ კომისია არ ფუნქციონირებდეს. კომისია დოკუმენტალურად დაამტკიცებს ტყუილს, რისი მოწმეც არის ამომრჩეველი და საზოგადოება. ქვეყანა ვერ გახდება დესტრუქციული დღის წესრიგის შემქმნელთა მძევალი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ, რომ პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოში დაბრუნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.