ადვოკატი - არცერთ კითხვაზე პროკურატურას პასუხი არ გააჩნია, თვალნათელი გახდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ყველაფერი თავდაყირა დგას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის არცერთ კითხვაზე პროკურატურას პასუხები არ აქვს.

როგორც კონდახაშვილმა ნიკა მელიას საქმზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე შესვენების დროს ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მელიასთან მიმართებით “ყველაფერი თავდაყირა დგას”.

“არცერთ კითხვაზე პროკურატურას პასუხი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ყველაფერი თავდაყირა დგას, იმიტომ, რომ ეს საქმე არის ნათელი მაგალითი პოლიტიკური დევნის. მინდა მჯეროდეს, რომ დღეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო