ოთარ კახიძე - ნიკა მელიას საქმეზე თუ გამოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, ეს იქნება ბოლომდე გამწვავება ისედაც ჩიხთან მისული პოლიტიკური კრიზისის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ჩიხთან მისულ პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.

„ეს არ არის ის საქმე, სადაც გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში მოსამართლეს გამოაქვს, ეს არის საქმე, რომელიც მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობისაა. შესაბამისად, პირადად ბიძინა ივანიშვილი არის ამ საქმის გადაწყვეტაში ჩართული. ამ საქმეზე თუ გამოვა პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, ეს იქნება ბოლომდე გამწვავება ისედაც ჩიხთან მისული პოლიტიკური კრიზისის. ეს იქნება პოლიტიკური ველის ბოლომდე პოლარიზაცია და ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება ზოგადად, ქვეყნის სტაბილურობა. ამიტომ, ვიმედოვნებ, ამ ძალიან სახიფათო და უგუნურ ნაბიჯზე ხელისუფლება არ წავა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საქმე არის „გავრილოვის ღამის“ საქმე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მათ ჩამოიყვანეს ოკუპანტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასვეს. შემდგომ მათ გამოიყენეს სრულიად არაპროპორციული ძალა, რომელიც თვალების დათხრით დამთავრდა, ამაზე არავის პასუხი არ უგია. ამ დროს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება იქნება ძალიან ცინიკური პასუხი მთლიანად „გავრილოვის ღამეზე“,-განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დამატებითი ძალებია მობილიზებული, კახიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავს.

„საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ძალის გამოყენებისთვის მზაობა არის, თუმცა მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და პირადად ივანიშვილს შერჩა საღი აზრი და გონიერება, რომ ამ დოზის ესკალაციამდე არ მიიყვანოს საქმე და ამ დახურულ შენობაში შტური არ მოაწყოს, სადაც მთელი ოპოზიცია არის შეკრებილი“,-განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს