გიგა ბოკერია - ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერი გადადგა, აშკარაა, რომ ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არის მშვიდი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება

ამ ვითარებაში, უკვე, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა, პირდაპირ აშკარაა, რომ ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არის ნორმალური, მშვიდი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აღარასდროს უნდა შეიქმნას ის ვითარება, რომელიც იყო ბოლო ერთი საათის წინ, როდესაც ქვეყანა იმის ზღვარზეა, რომ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური სიძულვილით შეიძლება ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

„ოპოზიციის არჩევანი არასდროს ყოფილა დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა და ამ ზღვრამდე ქვეყნის მიყვანა. ჩვენ ვცდილობდით და ახლაც ასე უნდა იყოს ყველას ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას ჰქონდეს ლეგიტიმური განცდა, რომ ამ ქვეყნის პატრონები მოქალაქეები არიან, რომ არჩევნებს აზრი აქვს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში დარჩენის ან შეცვლის და რომ აღარასდროს, არცერთი ხელისუფლება თავში აღარ გაივლებს იმას, რომ ვინც პოლიტიკურად არ მოსწონს, შეიძლება დევნოს სისხლის სამართლებრივი გზით და ძალოვანების გამოყენებით. კარგია, რაც დღეს მოხდა, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, საბოლოო წარმატება იქნება, როდესაც ეს კრიზისი მოლაპარაკებების გზით ბოლომდე განიმუხტება, როდესაც ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდება და როდესაც დავიწყებთ ქვეყნის გამოყვანას იმ უმძიმესი პრობლემებიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახისთვის. ოპოზიციას აქვს სრული ერთიანობა იმაზე, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები, სიმშვიდე და რომ უნდა იყოს მშვიდობიანი ცვლილებები ქვეყანაში. ამას სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებებს დროებით აჩერებს, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ დაკავების პროცედურები არ დაიწყება, მაშინ, როდესაც ვითარება შეიცვლება.

„იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. ეს იქნება უმძიმესი შეცდომა, თუ ეს ასე აღმოჩნდება. მაგრამ არ მაქვს საფუძველი, რომ ასე ვიფიქრო. ჩვენი ამოცანაა, შესაძლებლობებს პოზიტიურად შევხედოთ, სანამ ღრმა კრიზისიდან გამოსვლის შანსი არის. ოპოზიცია ყოველთვის ამისკენ ვიყავით მოწადინებული“, - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმად საელჩო ამბობს, რომ „არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან“.

„მე, როგორც მოქალაქე, ასევე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და მოქალაქეები ახლაც და წარსულშიც ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქართულ საზოგადოებას, ქართველი ხალხის თავისუფლებას და ჩვენს სუვერენიტეტს, არა რომელიმე მთავრობას, არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს, ეს მათი მორალური და პრაგმატული პოზიცია იყო. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა