ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუშინწინ მიღებული ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ რამდენად შეკრულია "ქართული ოცნების" გუნდი, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ პარლამენტმა მთავრობა ვერ დაამტკიცოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში გახარიას კადრებად ითვლებიან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი უახლოეს პერიოდში დაასახელებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და დააკომპლექტებს მთავრობას.
"უკვე შუადღე დადგა და ჩვენ გუნდში, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია და ამ კუთხით რაიმე განსხვავებული აზრი არ არსებობს. რაც შეეხება პროცედურებს, პარლამენტს აქვს ორი კვირა და სჭირდება 76 ხმა იმისთვის, რომ დაამტკიცოს მთავრობა, შემდეგ თუ ვერ დაამტკიცებს, იცით, რომ არის კიდევ ორკვირიანი ვადა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავაკომპლექტებთ მთავრობას,"- განაცხადა პაპუაშვილმა.