ალეკო ელისაშვილი მმართველ გუნდს - რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს

ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს „ქართული ოცნება“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარული სხდომაზე მმართველ გუნდს.

მისი განცხადებით, პროცესები ჩიხშია შესული, ხოლო ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

„ზუსტად 2 დღის წინ ამ დარბაზში ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოგიწოდეთ, არ მოგეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ჩვენ ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები ჩიხში არ შესულიყო. დღეს პროცესები ჩიხშია შესული. ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში. პრინციპში, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ჩვენ გთხოვდით და მოგიწოდებდით, გამოგეჩინათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ამ ქვეყნის სიყვარული და არ მიგეღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესია, ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი უნდა დააიგნორო. უფრო მეტიც, უნდა ებრძოლო ან უნდა სცადო დაიჭირო ოპოზიცია.

სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი, მანკიერი თვისება გადმოიღეთ წინა ხელისუფლებისგან, რომელთან ბრძოლაშიც ხართ 9 წელია გართული იმდენად, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენც და ყველაფერი გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილმა, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო.

გირაოს არგადახდა, ვერ დამიჭერთ, მეორე მხრიდან დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, სპეცრაზმის მობილიზებას მოვახდენთ. ამ დროს რა ხდება? ქვეყანა გაღატაკებული, გასაცოდავებული არის მიგდებული. ხომ ნახეთ, რომ პაციენტები ტვირთის გადასატანი „მარშუტკებით“ გადაჰყავთ, ხალხი კრედიტებს ვერ იხდის, ბინებს გაუყიდიან ცოტა ხანში. პანდემიის გამო ათი ათასობით ადამიანი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი.

ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც. 9 წელია ისე ხართ გართულები ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ჩვენი ქვეყანა ხრამში გადაიჩეხა. რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანშით ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. როგორც ჩანს, თქვენ ეს გინდათ და რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. რასაც ვხედავთ, ყველა პროცესი აქეთ მიგყავთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ალეკო ელისაშვლმა გადადგომის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა.

„ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს „ქართული ოცნება“. თქვენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ. ამას ვამბობდით სულ, რის გამოც ჯვარს გვაცვეს, მოლაპარაკებებას ალტერნატივა არ აქვს, დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს. იქითაც საქართველოა და აქეთაც, შუაში არის გაღატაკებული და გასაცოდავებული საქართველო. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია, ეს არის გიორგი გახარია. ყოველთვის უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა სწორი გაწყვეტილება მიიღო, რომ გადადგა. ქვეყანა არ შეიყვანა კიდევ უფრო დაპირისპირებაში და გამოუვალ ჩიხში. ამდენად, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ეს სიტუაცია უნდა განიმუხტოს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა