ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ აღნიშნა, „გიორგი გახარიამ გადადგომით „ქართული ოცნება“ ჩამოშლისგან და აბსოლუტური გაცამტვერებისგან გადაარჩინა“.

„მინდა „ქართული ოცნება“ გავაფრთხილო, ახლა ნებისმიერი არაადეკვატური გადაწყვეტილება მათი მხრიდან, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით ან ოპოზიციასთან, მთავრობასთან მიმართებით, მათთვის აბსოლუტურად დამღუპველი იქნება. თავისთავად გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნება“ ჩამოშლისგან და აბსოლუტური გაცამტვერებისგან გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გონიერების იმედი არ მქონდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ადამიანებით, ჟურნალისტებით, ოპერატორებით, ოპოზიციური ლიდერებით სავსე ოფისის დარბევას მართლა სერიოზულად იხილავდნენ. აღმოჩნდა, რომ ასე იყო. გახარიას ეყო გონიერება, რომ 20 ივნისის შემდეგ კიდევ არ დაემატებინა თავისი კარიერისთვის აბსოლუტურად გამანადგურებელი ვითარება, თუმცა, გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. პირველი პირი იმიტომ გადადგა, რომ როგორც ჩანს, არ დაემორჩილა მისი ხელქვეითი მინისტრი იმიტომ, რომ შს მინისტრი, რომელსაც ეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უნდა დამორჩილებოდა. პრემიერ-მინისტრმა თავისი ვერ გაიტანა. ე.ი ვინ იყო ზევით? ბიძინა ივანიშვილი. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე, რომ ჯერ მოატყუა ხალხი მთელი 8 წლის განმავლობაში, როდესაც არცერთი დანაპირები არ შეასრულა, მოატყუა ხალხი ამ წლის ოქტომბერში, როდესაც ჯერ თავის თავზე მიაცემინა ხმა და შემდეგ ხალხი მიატოვა, მანქურთ კობახიძეს გადააბარა ხელისუფლება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, გადადგომის თაობაზე პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.

„როგორც ჩანს, გახარიას მაინც გადააყენებდნენ, რაც მან იცოდა. რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ვერ მართავდა მინისტრთა კაბინეტს. აღარ დაიმატა 20 ივნისზე კიდევ დამატებით შტურმი. ამ შტურმს მოყვებოდა ათეულობით მსხვერპლი, პირველ რიგში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს შორის, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ პირველ სართულზე. ამ შენობაში ძირითადად მინებიანი კედლებია, აქ აპირებდნენ შტურმს?! ეს ხელისუფლება ვინმეს სჯობს?! არავის სჯობს, უარესი თუ არ არის. ასე, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისა და კოალიციური მთავრობისთვის“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილია ფორმალური მმართველი, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.

„კობახიძე იქნება თუ წულუკიანი, რა მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და სანამ ის თოჯინებივით ათამაშებს პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურას და სასამართლოს, მანამ ეს ქვეყანა იქნება ივანიშვილის ბოსტანი, რომელიც ყველაფერთან ერთად დაჭაობებულია და ნამდვილად გადარჩენას საჭიროებს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

იხილეთ ვიდეო:ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს