არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, ვიდრე დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, ვიდრე დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობა მხარეებს არსებით სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 48 საათში გასაჩივრების უფლებას არ ანიჭებს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა.

„2021 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. 18 თებერვალს, დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული.

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც განმუხტავს არსებულ ვითარებას და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს. ვფიქრობთ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI“, „ღია საზოგადოების ფონდი - OSGF“, „საზოგადოება და ბანკები“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, ცენტრი “ემპათია”, „საფარი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „მწვანე ალტერნატივა“, „მსოფლიო გამოცდილება“, „საქართველოსთვის - WEG“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „მედიის განვითარების ფონდი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა