ნიკა მელია - როგორც არასდროს, ახლა ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან

როგორც არასდროს, ახლა ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან და მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ნიკა მელიამ მათ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. „ქართულ ოცნებას“ მოპარული არჩევნები არ გავუფორმეთ, ვიბრძოლეთ ერთი, ორი, სამი თვე. დღემდე ახალი არჩევნებისთვის ვიბრძვით. როგორც არასდროს, ახლა ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთან და მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. მთავარია ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი, ობიექტური და იქვე საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდეს და არჩევნები სხვა ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარდეს. ვინ რა სახის ერთობას შექმნის, ეს შემდეგი საკითხია. მთავარია, ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, ხმა, რომელსაც იგი მისცემს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, დაცული იყოს. ჩვენ, ოპოზიციამ ვერ ვუზრუნველყავით ყველა იმ ხმის დაცვა ჯამურად, მაგრამ გამოვავლინეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჩვენ დავდეთ მანდატი, ამიტომ თუკი ვინმეს ოდნავ მაინც აქვს დაგროვებული პოლიტიკური ცხოვრების თვალყურის მიდევნების გამოცდილება, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია. დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს