დავით ბაქრაძე - „ოცნების" რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე, ეს ცუდი სიგნალია

"ქართული ოცნების" დღევანდელი რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე. ეს არის ცუდი სიგნალი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ წარდგენას.

მისი თქმით, ფუნდამენტურად ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება რაიმე ფორმით კრიზისს განმუხტავს.

"ამ პარლამენტს თავად აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, პარლამენტს თავად აქვს პრობლემა, რომ არ ასახავს ხალხის ნებას არჩევნების შედეგად, ამიტომ, ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი ვინც არ უნდა იყოს, ვერ და არ იქნება ის ფიგურა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილს, თუ ამ გუნდს და "ქართული ოცნების" რადიკალურ ჯგუფს, რომელიც დღეს ვითარებას მართავს, იმედი აქვს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით დაბრუნდება წარსული და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა 2014-2015 წლებში მათი მხრიდან, ეს იქნება საბედისწერო ილუზია, იმიტომ, რომ ის, რაც ხდებოდა, ვეღარ დაბრუნდება. დღეს, არც ქართული საზოგადოება და არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ დაუშვებენ იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და მოხდეს ის ყველაფერი, რაც წარსულში ხდებოდა. ნებისმიერი მცდელობა, უბიძგოს საზოგადოებას მეტი დაპირისპირებისკენ, მეტი უფრსკრულისკენ, ჩატეხილი ხიდისკენ და ძალადობისკენ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, დამღუპველი იქნება "ქართული ოცნებისთვის", დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ხალხისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ხელების გადაგრეხვით ქვეყანა წინ ვერ წავა და ამით მხოლოდ "ქართული ოცნება" დაღუპავს საკუთარ თავს. ბაქრაძე ამბობს, რომ გზა გადის მხოლოდ დიალოგსა და მშვიდობიან პროცესზე.

"ვიმედოვნებ, რომ ვინც არ უნდა იყოს "ქართულ ოცნებაში", საღი აზრის მქონე ადამიანები, ისე როგორც ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ დაუშვებენ პროცესის უფრსკულისკენ წასვლას, თუმცა თავისთავად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა და ნომინირება არის სწორედ სიგნალი იმისკენ, რომ სამწუხაროდ, დღეს, "ქართულ ოცნებაში" არ უნდათ ამის გააზრება. "ქართული ოცნების" დღევანდელი რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე. ეს არის ცუდი სიგნალი", - განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს