დავით ბაქრაძე პრეზიდენტს - პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ - მიხედეთ იმას, რაც გესმით

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, ისევე, როგორც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ბოლო წლების განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა მხოლოდ მთლიანადაა აცდენილი პოლიტიკურ კონტექსტს და ქვეყნის ინტერესს, არამდ ატარებს საფრთხეს და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მავნებლურია. ბაქრაძის განცხადებით, რაც ნაკლებს ილაპარაკებს საქართველოს პრეზიდენტი, მით ნაკლებად დააზიანებს საქართველოს და ნაკლებს ზიანს მიაყენებს ქვეყნის მომავალს.

„მაშინ როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ქვეყანაში ძალადობა შეწყდეს, სალომე ზურაბიშვილი გამოდის და აქეზებს „ოცნების“ რადიკალებს იმისკენ, რომ ძალადობის გზით გადაწყდეს ვითარება. უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობის გზით ვითარება ვერ დამშვიდდება, ძალადობის გზით, კრიზისიდან ვერ გამოვალთ და ქალბატონი ზურაბიშვილი, რომლის ერთადერთი ამოცანა, როგორც ჩანს, არის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაამართლოს მის ბილბორდებზე გაკრული ივანიშვილისა და კობახიძის სურათები და გაამართლოს მისი პრეზიდენტობის დროს დაქალების ექსკურსიაზე ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები, დღეს კიდევ ერთხელ გამოდის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებით და ახალისებს „ქართული ოცნების“ რადიკალებს, რომ პრობლემა გადაწყდეს იმ გზით, რომელიც ქვეყანას დაპირისპირებისა და არეულობის უფსკრულში გადაჩეხავს. ვის, ვის და საქართველოს ოდნავ ნორმალურ პრეზიდენტს მაინც უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ძალის ჩვენება და უფსკრულში გადავარდნა არის პირდაპირი წინააღმდეგობა იმისა, რაც მას ევალება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ტრადიციულ რჩევას ზურაბიშვილის მიმართ: რაც ნაკლებს ისაუბრებთ, მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველოს, მით ნაკლებ საფრთხესა და ზიანს მიაყენებთ ამ ქვეყნის მომავალს, ამიტომ კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, დაქალების ექსკურსიაზე და დაანებეთ თავი იმას, რაც არ გესმით. პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ ამ პროცესში, ამიტომ დაანებეთ თავი დაზიანებას, მიხედეთ იმას რაც გესმით,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ან ავირჩევთ მშვიდობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ან გავაგრძელებთ, პოლიტიკურ დევნას, რაც არ იქნება ევროატლანტიკური განაცხადის შესაბამისი.

„ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად მკაფიო სურათს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი გამოთქვამს ძალიან ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოს, პოლიტიკური დევნისა და ასეთი დაძაბულობის გამო, როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა და არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ამ ქვეყანაში მშვიდობასა და სიმშვიდეს დააყენებს საფრთხის წინაშე.

ეს არის ძალიან მკაფიო სურათი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ პირდაპირ იყო ნათქვამი, თუ საქართველოში არ დასრულდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ეს არ იქნება ევროატლანტიკური განაცხადის შესაბამისი. ანუ პირდაპირ გვეუბნება ამერიკა, ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომ ან თქვენ გახდებით ნატოს წევრი და იქნებით დემოკრატია და ან გააგრძელებთ პოლიტიკურ დევნას და ეს არ შეესაბამება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს არის დღეს არჩევანი,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო