გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროში და სივრცეშია აცდენილი, ისევე როგორც თვითონ ეს ფიგურა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროში და სივრცეშია აცდენილი, ისევე როგორც თვითონ ეს ფიგურა”, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ორგანული ნაწილია.

მისივე თქმით, თუ ზურაბიშვილს სიტუაციის განმუხტვა სურს, გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

“ის ახალ პრემიერს მოუწოდებს, რომ არ მისცეს სხვადასხვა რჯულის პოლიტიკოსებს საშუალება, რომ ქულები ჩაიწერონ. რა მისი საქმეა ვინ რა ქულებს ჩაიწერს? იმის მაგივრად, რომ გააცნობიეროს კრიზისი, გვეუბნება წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მოლაპარაკებებიო, თუ წინაპირობების გარშე უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაშინ რატომ უყენებ მოთხოვნებს ამ შემთხვევაში მთავრობას? სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ორგანული ნაწილია “ქართული ოცნების” და არაფრით არ განსხვავდება ღარიბაშვილისგან და თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს, ამისთვის მინიმალური ნდობაა საჭირო. ამიტომ, მას მინდა მოვუწოდო, თუ უნდა რაღაცნაირად გახდეს პროცესის ფასილიტატორი, ნდობისთვის აუცილებელია, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა. თუ ეს ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან გადადგმული, ეს იქნება აღქმული ჩვენი მხრიდან როგორც სწორი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებაა გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური აღქმადობის საქმეების უკან წაღება. სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც გველაპარაკება, რომ ადამიანის ზრუნვით ფრთები ამოდის. ვნახეთ, მთავრობა, რომელიც გვეუბნება, რომ ესებუა იმიტომ გაუშვა, რომ იქ რამე არ მომხდარიყო და მას მერე დასდევს და ხუთასი ათასიც გაატანა, ეს მთავრობა აპირებს შემოვიდეს შენობაში სადაც ასობით ჟურნალისტი და კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა გულანთებული ადამიანია. ერთ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ და მძევლების ამყვან ტერორისტს ფიანდაზად უშვებენ და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ შეიძლება აქ შემოვარდნენ და კატასტროფა დაატრიალონ და 40 000 ლარის გირაოს გამო შეიძლება სახელმწიფომ ასეთი რამ ჩაიდინოს? ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის გაუქმება იმ გადაწყვეტილების, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს და შემდეგ უნდა დაუბრუნდნენ მაგიდას. ეს არ იქნება სისუსტის დემონსტრირება, ეს იქნება ჯანსაღი აზრის დემონსტრირება. შემოვარდნა იქნება სისუსტის დემონსტრირება”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი”.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს