მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინასწარ ისაუბრა ჩვენთან ამ საკითხებთან დაკავშირებით

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაია ცქიტიშვილის პოლიტიკური საქმიანობა მისივე გადაწყვეტილებით დასრულდა.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, ყოფილი ვიცე-პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ გუნდისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„ქალბატონი მაიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა იქედან გამომდინარე, რომ მან წინასწარ ილაპარაკა ჩვენთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ის ძალიან დიდი ხანია, ბევრი წელია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და 2011 წლიდან არის „ქართული ოცნების“ აქტიური გუნდის წევრი, ადმინისტრაციის უფროსი იყო წლების განმავლობაში, რამდენიმე პრემიერთან წარმატებით იმუშავა და არ შეიძლება მას მადლობა არ გადავუხადოთ, განსაკუთრებით იმ პერიოდისთვის, რომელ პერიოდშიც მან უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. უნდა ვთქვათ სხვათა შორის, რომ ირაკლი ქარსელაძის როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბრიფინგი, რომელზეც მან ისაუბრა 11 თვეში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც აღემატებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჯამში განხორციელებულ პროექტებს. მისი ინფრასტრუქტურის მინისტრობის პერიოდში უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა ამ ქვეყნისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მაია ცქიტიშვილი ყოველთვის გაიზიარებს სულისკვეთებას და იდეალებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„რაც შეეხება მისი წასვლის მიზეზებს, მან თავადვე განმარტა, რომ რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. მისი პოლიტიკური საქმიანობა დასრულდა მისივე გადაწყვეტილებით. ამას მან თავად გაუსვა ხაზი როგორც პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე იმ ბრიფინგზე, რომელიც მან თავად ჩაატარა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემ. მან დროში დაამთხვია თავისი გადაწყვეტილება. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ცოტა ხნით ადრე პოლიტსაბჭოს სხდომამდე ქალბატონმა მაიამ ისაუბრა ამის შესახებ. აქამდე ქალბატონ მაიასთან ასეთი საუბარი არ გვქონია. ვიდრე ის განაცხადებდა ამის შესახებ ჩვენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვისმინეთ მისი ეს სურვილი, მისი ეს განცხადება. ქალბატონმა მაიამ თავად ბრძანა, რომ რადგან დღის წესრიგში დადგა ახალი პრემიერობის კანდიდატის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა, მან დაამთხვია ეს დროში, რომ სხვა დროს არ ყოფილიყო აუხსნელი მისი წასვლა. ბარემ გადაწყვიტა, რადგან მას ეს სურვილი ჰქონდა, ეს გაეკეთებინა დღეს და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო. მან თქვა, რომ ის არის გუნდის წევრი, აქტიური მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს სულისკვეთებას და იდეალებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო