მშვიდობიანი აქცია დაარბია პოლიციამ, რომელიც თვლის, რომ დღეს კანონმორჩილება ნიშნავს იმას, რომ სახლში ვისხდეთ და პირში წყალი დავიგუბოთ და არ შევიმჩნიოთ, რომ ქვეყანას აუპატიურებენ, აპარტახებენ და მართლა ყრუ პარლამენტი ყრუ მთავრობას ამტკიცებს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ხელისუფლებას, „ლელოს“ დაკავებული წევრების მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში გათავისუფლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ დაკავებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა.
„ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ჩვენი სრულიად მშვიდობიანი აქცია უბრალოდ დაარბია პოლიციამ. მათ უნდათ, რომ ჩვენ დავსხდეთ და არაფერი შევიმჩნიოთ. რადგან შევიმჩნიეთ, იქ ვიდექით, რომ ხმამაღლა გვეთქვა, რომ ეს არის ყრუ პარლამენტი, რომელიც არ ემსახურება თავის ხალხს და პირიქით, ღალატობს ქართველ ხალხს ყველა ცისმარე დღეს, ამის გამო, ბუნებრივია, პოლიციამ რეპრესირება დაიწყო სრულიად მშვიდობიანი, არც თუ ისე დიდი აქციის ამ ძალადობრივი გზებით. არაფრის გამო ჩემი მეგობრები და კოლეგები უბრალოდ გაიტაცეს, ჩატენეს მანქანებში და მოიყვანეს აქ, რაც არის მათი ხელწერა, დაშინებული ხელისუფლების ხელწერა. ეს დაიწყო იმით, რომ ჩვენ ვაპირებდით გაგვეკეთებინა მცირე წარწერა, აბსოლუტურად არანაირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა აქ არ იყო, არანაირი ექსცესი არ იყო, ჩვენ ძალიან მშვიდობიანად ვაპირებდით, რომ მცირე წარწერა გაგვეკეთებინა, რითიც ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან დიდ ჭეშმარიტებას ვიტყოდით, რომ ეს არის ყრუ ხელისუფლება და მონების პარლამენტი.
ისინი ვალდებულები არიან, რომ დაუყოვნებლივ გამოუშვან 5-ვე ჩვენი დაკავებული მეგობარი, იმიტომ, რომ მათი პატიმრობა არანაირ კანონიერ საფუძველს არ ატარებს, ამიტომ დღესვე მოვიდნენ გონზე და შემდეგ ერთ საათშივე, მაქსიმუმ, გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ მიზეზგარეშე არიან დაპატიმრებულები. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც მე მას ვეძახი, ტვინცარიელი და კუნთმაგარი პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, უკვე აჩვენებს თავის სტილს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ამ ქედმაღლურ, ანტიდემოკრატიულ სტილს და მას ჰგონია, რომ ეს გაუვა დიდხანს და მინდა ვუთხრა, რომ არ გაუვა. ის არის „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.