გიორგი კანდელაკი - მოლაპარაკებების განახლება არის იმპერატიული და რაც მალე დაჰყვება „ოცნება“ საქართველოს მეგობრების ამ დაჟინებულ რეკომენდაციას, მით უკეთესი

კრიზისის განმუხტვა, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს მოდის ნატო-ს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები, მთავრობა კი არ ფიქრობს ამ ამოცანების შესრულებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ლიეტუვის ყოფილი ელჩი ამერიკაში, ჟიგიმანტას პავილიონისი, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, შეშფოთებულია არსებული სიტუაციით და მოწოდებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც, რომ მოინახოს გზები ამ შექმნილი სიტუაციის განმუხტვის. ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით იქნა მიღწეული გასულ წელს, შესრულდეს და პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც იყო 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, აღარ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამის შემდეგ, აუცილებელია გზების პოვნა, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური პარლამენტი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ, რა თქმა უნდა, კრიზისის განმუხტვისთვის აბსოლუტურად აუცილებელია მოლაპარაკებების განახლება.

სწორედ ეს არის მთავარი სულისკვეთება იმ მრავალი განცხადებისა, რაც უკვე გაკეთდა, სენატორების რიშისა და შაჰინის მხრიდან, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის საკვანძო ფიგურები არიან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი მიქსის განცხადებაც იყო უკვე წუხელ, ევროკავშირის განცხადება, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ამაზე მაღალი რანგის განცხადება არ ვიცი უბრალოდ. ასე რომ, მოლაპარაკებების განახლება არის იმპერატიული და რაც მალე დაყვება „ქართული ოცნება“ საქართველოს მეგობრების ამ დაჟინებულ რეკომენდაციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვისაც, რა თქმა უნდა,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს