გიგა ბოკერია - მთავარი მიზანი კრიზისის განმუხტვაა მოლაპარაკების გზით - თუ ვინმეს აქვს მორალური და პრაგმატული ავტორიტეტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ლიეტუველი მეგობრები არიან

მთავარი მიზანი შუამავლობა კი არა, კრიზისის განმუხტვაა მოლაპარაკების გზით. ჩემი აზრით, თუ ვინმეს აქვს მორალური და პრაგმატული ავტორიტეტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ლიეტუველი მეგობრები არიან, რომლებიც ყველა კრიტიკიულ ვითარებაში, როგორც ამ მთავრობის, ისე წინა მთავრობის დროს, საქართველოს გვერდში ედგნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდნენ.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, პავილიონისი სრულად ინფორმირებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„პავილიონისი დიდი ხნის მეგობარია საქართველოსი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. ის ამ მთავრობის დროს იყო ელჩი შეერთებულ შტატებში და ცნობილი ანეკდოტი იყო, ვაშინგტონში, საქართველოს ორი ელჩი ჰყავსო. ამ მთავრობის დროს მისი პოზიციები საქართველოს სუვერენიტეტის, ნატოში გაწევრიანების, უსაფრთხოების საკითხებზე ყველასთვის ცნობილია, ის სამაგალითო ფიგურაა ლიეტუვაში. თუ ვინმეს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს და არა რომელიმე მხარეს ამ კრიზისიდან გამოსავალში, ეს საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან. მხოლოდ მადლობა გვეთქმის ზოგადად ჩვენი ლიეტუვის მეგობრების მიმართ, რომლებმაც ასეთი ინტერესი გამოიჩინეს, რომ ასეთ სახიფათო მომენტში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და დემოკრატიისთვის აქტიური პოზიცია აქვთ“, - აცხადებს ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, პანდემიის პირობებში ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი იმაზე მიანიშნებს, რომ ლიეტუვა საქართველოს კრიზისულ ვითარებაში ყოველთვის გვერდით უდგას.

„ომის მერე, იქამდეც, ამ მთავრობის დროსაც, როცა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარების საკითხი განიხილებოდა, ლიეტუვა ყოველთვის გამორჩეული იყო, ამ ერთ დეტალშიც ჩანს ეს, რომ ასეთ დროს, პანდემიის დროს ასეთი ვიზიტი შედგა. მოწადინებული ვართ, საქართველოს ყველა მეგობრის დახმარებით, ეს კრიზისი მშვიდობიანად განმუხტული იქნას, ოღონდ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება მთავრობისგან, ამას სჭირდება სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ და პოლიტიკური დევნის დასრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება ლიეტუვის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, ამაზე იმ საჯარო განცხადებიდან უნდა ვიმსჯელოთ, რაც მათ გააკეთეს... ჩვენ უკვე ვნახეთ მთელი წყება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურების განცხადებებისა ამერიკის სენატში და კონგრესში, ყველა მათი განცხადების მიმართულება ერთია - ეს კურსი, რაც მთავრობას აქვს არჩეული, შეუთავსებელია თავისუფალი სამყაროს წევრობასთან“, - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის, მთავრობასთან მოლაპარაკების დასაწყებად. როგორც ბოკერია აცხადებს, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრაზე მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივაზეც იყო საუბარი.

„8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა, რურუა ციხეში დატოვეს, დღესაც პოლიტპატიმარია, მოპარული არჩევნების შემდეგ იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიძლება დაიჭირონ, რა თქმა უნდა, ეს არის საერთაშორისო თვალსაზრისით კატასტროფის ტოლფასი.

იმედი მაქვს, მოლაპარაკებები განახლდება, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებას დაუბრუნდება და ვივლით პოლიტიკური დევნის დასრულებისკენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია - მთავარი მიზანი შუამავლობა კი არა, კრიზისის განმუხტვაა მოლაპარაკების გზით

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)