საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
- ბატონო იაგო, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიადატები დასახელა. თქვენზე რა შთაბეჭდიელბა დატოვა ღარიბაშვილის მთავრობის განახლებული გუნდის პრეზენტაციამ?
- მთავრობის ახალი გუნდი პრაქტიკულად იგივეა. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილება მაია ცქიტიშვილის ჩანაცვლებას უკავშირდება.
თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტია - არ მგონია, რომ ცქიტიშვილის გამოცვლას სერიოზული პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდეს. შიდა სიმპატიების ამბავი მგონია მხოლოდ.
- როგორც ამბობენ, პრემიერი გახარია ვერ აკონტროლებდა ძალოვან უწყებებს, მას მხოლოდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების კრიზისის მენეჯერის ფუნქცია ჰქონდა.
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ხელისუფლების გუნდი კობახიძე-კალაძის ტანდემმა დააკომპლექტა და აკონტროლებენ, ხოლო პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა პარლამენტში არც ერთი დეპუტატის პროტეჟეც კი არ იყოს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი კი იქნება, მაგრამ მას ისევე როგორც პრემიერ გახარიას, მმართველ გუნდში ნომინალური ფუნქცია ექნება?
- არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს ნომინალური ფუნქცია ექნება და ის კობახიძისა და მისი გუნდის ჩრდილში მოექცევა. ღარიბაშვილი დააბრუნეს ავტორიტარიზმის გასამყარებლად, ოპოზიციის მიმართ ხისტი პოზიციის გასაძლიერებლად. ამ მიმართულებით, გახარიამ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ვერ ივარგა. ის, რაც გახარიამ ვერ გააკეთა, ღარიბაშვილი ხელის აუკანკალებლად გააკეთებს.
არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს ნომინალური ფუნქცია ექნება და ის კობახიძისა და მისი გუნდის ჩრდილში მოექცევა
თუმცა, მეორე საკითხია, შევა თუ არა ღარიბაშვილი „ორჯერ მდინარეში“, ანუ შეძლებს თუ არა დაკისრებული მისიის (ავტორიტარიზმის გამყარება) შესრულებას, რასაც ის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს მეტ-ნაკლებად ახერხებდა. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს.
ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს
- ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მტკიცებით, „ქართულ ოცნებაში“ ქორების ფრთამ გაიმარჯვა და მათ არენაზე ღარიბაშვილის სახით „მთავარი ქორი“ გამოიყვანეს.
ღარიბაშვილმა განაცხადა - „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება შეძლოს“.
პრემიერ გახარიას წასვლაზე და ღარიბაშვილის პრემიერად გამწესებაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე მთავარი კითხვაა - ოპოზიციასთან ურთიერთობის რა გზას დაადგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახლა უკვე ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
გაითვალისწინებს ღარიბაშვილის მთავრობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევას ოპოზიციასთან თავშეკავებისა და დიალოგის დაწყების შესახებ? მელიას დაჭერის თემა კვლავ აქტუალური იქნება?
- ღარიბაშვილი დაიწყებს ჭიდაობას არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. ყველა ვხედავთ, რომ ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ამ გამოხმაურების პათოსი ისაა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება საქართველოში დამოუკიდებელი არ არის და ქვეყანა დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს ვერ პასუხობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.
ღარიბაშვილი შეეცდება იაროს მოლიპულ გზაზე - ერთი ხელით ოპოზიცია დააწიოკოს, ხოლო მეორე ხელით საერთაშორისო პარტნიორები დააშოშმინოს და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნების ფარგლებში ხდება.
თუმცა, როგორც ვთქვი, ასეთი გზა მოლიპულია და, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც. მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.
ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც. მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება
- ხალხმა „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის გამო მისცა ხმა, მაგრამ არჩევნებიდან ორ თვეში იგი პოლიტიკიდან წავიდა. „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა გახარიას, შესაბამისად „ოცნების“ ხმების ნაწილი აშკარად მისი იქნებოდა, მაგრამ პრემიერობიდან იგიც წავიდა.
ბევრის მტკიცებით, გახარიას წასვლით და ღარიბაშვილის მეორეჯერ გაპრემიერებით დაიმსხვრა მითი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მეტიც, ბევრი თვლის, რომ „ივანიშვილი ახლა ღმა კულისებიდან აგრძელებს ვირეშმაკობას“.
მათივე მტკიცებით, გახარიას წასვლის შემდეგ ხელისუფლების დელიგიტიმაციამ სულ უფრო ხელშესახები კონტურები შეიძინა.
რამდენად მართებულად, ლოგიკურად და სამართლიანადაც კი გამოიყურება პოლიტიკიდან ივანიშვილისა და გახარიას წასვლის შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნები?
- შეიძლება პარადოქსულად გამოიყურება, რასაც ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა ახლა იმაზე უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე მანამდე.
აქამდე იყო ისეთი ვითარება, როდესაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო წინაპირობები თანდათან გაღარიბდა: ა) ოპოზიციის ბოიკოტის მონოლითურობას ბზარი გაუჩნდა. 6 ადამიანი, ოპოზიციური პარტიების კვოტით, პარლამენტში აღმოჩნდა და კიდევ სამი „გირჩელი“ პარლამენტისკენ იწევს.
ბ) ოპოზიციურ პარტიებს ეროზია გაუჩნდა და შიდა დაპირისპირებები დაიწყო („გირჩი“ „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, სხვებიც,
გ) ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები, ელჩების ფასილიტაციით, შეწყდა.
დ) საერთაშორისო სტრუქტურებმა ერთხმად დაგმეს ბოიკოტი და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს პარლამენტში შესვლისკენ. ყველაფერი ეს ვადამდელი არჩევნების პერსპექტივას ძირს უთხრიდა.
ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა ახლა იმაზე უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე მანამდე
თუმცა, ბოლო, ნიკა მელიას გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ამ პროექტს ახალი სიცოცხლე შემატა პოლიტიკური კრიზის გამწვავების სახით, რომელიც, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაღრმავდეს და ისეთ ფაზაში შევიდეს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ ინსტრუმენტად იქცეს. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთ განცხადებაში ასეთი ნოტები უკვე გაისმა.
- თუ ისევ გახარიას თემას დაუბრუნდებით. დამკვირვებელთა ერთი ნაწილისთვის გახარიას წასვლა ერთი მხრივ აღიარება იყოს იმისა, რომ ჩვენთან მართლმსაჯულების საკითხი წყდება მმართველი ძალის შეკრებებზე და მათ ვერ მოახერხეს პოზიციების შეჯერება დაეჭირათ თუ არა ნიკა მელია.
მეორე მხრივ, გახარიას წასვლით მეტად გახდა ცხადი, რომ 20 ივნისს ძალის გამოყენებაზე იმ დროს შს მინისტრ გახარიას არ მიუღია, მან პასუხიმგებლობა თავის თავზე აიღო.
მესამე მხრივ, საუბრობენ იმაზეც, რომ გახარიას გადადგომა სულაც არ ყოფილა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. ბევრი არც იმას გამორიცხავს, რომ მან, გადაწყვეტილება ახლაც ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღო. თქვენი დაკვირვებით, ამ ვერსიებიდან რომელი უფრო ჰგავს მართალს?
- არ ვფიქრობ, რომ გახარიას წასვლა ისე, როგორც ის წავიდა, წინასწარ დაწერილი სცენარის რეალიზაცია იყო. ფაქტია, რომ გახარიას მოულოდნელმა გადადგომამ ხელისუფლების სიბრაზეში გადასული გაკვირვება გამოიწვია, ოპოზიციას ახალი სუნთქვა მისცა და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. შეუძლებელია, რომ ასეთი წამგებიანი გამოსავალი ხელისუფლებას დაეგეგმა.
არ ვფიქრობ, რომ გახარიას წასვლა ისე, როგორც ის წავიდა, წინასწარ დაწერილი სცენარის რეალიზაცია იყო
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახარია სულ უფრო მეტად ჩამოყალიბდა მარტოხელა მოთამაშედ, გუნდის განაპირას იდგა და არა შუაგულში. როგორც ჩანს, ბევრს აღიზიანებდა მისი მაღალი რეიტინგი პარტიაში.
ეს რეიტინგი, ყველა გამოკითხვით, თვით ივანიშვილის რეიტინგსაც აჭარბებდა და თვალი დაადგეს. თუმცა, გახარია ჭკვიანი აღმოჩნდა, მოვლენებს დაასწრო და სანამ დარტყმას მიაყენებდნენ, თავად მიაყენა მტკივნეული დარტყმა პარტიას და მთავრობას. შეიძლება ითქვას, რომ გახარიამ, თავისი წასვლით, უფრო დიდი სამსახური გაუწია ოპოზიციური მუხტის „გაცოცხლებას“, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა.
გახარიამ, თავისი წასვლით, უფრო დიდი სამსახური გაუწია ოპოზიციური მუხტის „გაცოცხლებას“, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა
- გიორგი გახარიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ახლა საინტერესოა იგი შეეცდება პოლიტიკაში დაბრუნებას თუ არა.
გახარია შექმნის ახალ პოლიტიკურ გუნდს თუ არა? და თუ შექმნა, რამდენად დიდია იმის ალაბთობა, რომ მისი ამგვარი აქტიურობა ისევ ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული?
ამგვარ ალბათობას ივანიშვილის დასამშიდობებელ წერილში ნათქვამი აძლერებს იმის შესახებ, რომ იგი მიესალმება ძლერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას გაუწევს და მას არა „ნაცმოძრაობა“ არამედ იმ ახალშექმნილმა პარტიამ შესაძლოა ჩაანაცვლოს...
- გიორგი გახარია შეიძლება მართლაც დარჩეს პოლიტიკაში და თავისი პარტიაც შექმნას, თუმცა, ეს არ იქნება ივანიშვილის ხელდასმული ე.წ. „მესამე ძალა“. ასეთი მრავალსვლიანი კომბინაციის გაკეთებას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ივანიშვილის შესაძლებლობებს.
გახარია შეიძლება მართლაც დარჩეს პოლიტიკაში და თავისი პარტიაც შექმნას, თუმცა, ეს არ იქნება ივანიშვილის ხელდასმული ე.წ. „მესამე ძალა“. ასეთი მრავალსვლიანი კომბინაციის გაკეთებას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ივანიშვილის შესაძლებლობებს
ივანიშვილის მიერ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ ის მიესალმება ახალი ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი მგონია, რომელსაც უკვე ყბადაღებული სახელისუფლო იდეოლოგია უდევს საფუძვლად, რომ დღეს არსებული ყველა ოპოზიციური პარტია და ოპოზიციური პოლიტიკოსები „განაცდნენ“ და სააკაშვილის სატელიტები არიან.
- ყველაფერ ამის ფონზე საინტერესოდ ვითარდება პროცესები როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ისე „ნაცმოძრაობასთან“ დამოკიდებულების საკითხში.
ოპოზიციური ფლანგზე მყოფმა არა ერთმა პოლიტიკოსმა, ვინც სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებულები იყვნენ და უკანასკნელ დღეებამდე მათ არ ეკარებოდნენ, ახლა დაიწყეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ღიად მხარდაჭერა.
მათივე მტკიცებით, ოპოზიციურ ფლანგზე ზეპარტიული პროცესი დაიწყო. როგორც თავად ამბობენ, ახალი ეროვნული მოძრაობის მსგავსი მოძრაობა.
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცებები, რომ ახალი ეროვნული მოძრაობის მსგავსი მოძრაობა „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირების შედეგად შედგეს?
- ოპოზიციის ერთობლივ მოქმედებებს „ახალი ეროვნული მოძრაობის“ სტატუსს მე არ მივანიჭებდი, ეს გადაჭარბებული შეფასებაა, თუნდაც იმიტომ, რომ ნიკა მელიას და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დამეგობრების საფუძველი მაინც ე.წ. „ნეგატიური მობილიზაციაა“, ანუ ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება და ხელისუფლებისგან მათი ჩამოშორება, მაშინ როდესაც ეროვნულ მოძრაობას, გასული საუკუნის 80-იან წლებში, პოზიტიური იდეა აერთიანებდა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ნიკა მელია მართლაც იქცა ერთგვარ ზეპარტიულ ლიდერად, რომელთან „მიახლოებაც“ გასვრის და მარგინალიზაციის რისკს არ შეიცავს, რადგან მელია თავისუფალია მძიმე ტვირთისგან, რაც „ნაცმოძრაობამ“ წარსულში წამოიკიდა და დღემდე ამძიმებს.
მელია მართლაც იქცა ერთგვარ ზეპარტიულ ლიდერად, რომელთან „მიახლოებაც“ გასვრის და მარგინალიზაციის რისკს არ შეიცავს, რადგან მელია თავისუფალია მძიმე ტვირთისგან, რაც „ნაცმოძრაობამ“ წარსულში წამოიკიდა და დღემდე ამძიმებს
თუ პოლიტიკური პროცესები ვადამდელი არჩევნების რეჟიმში განვითარდება, მაშინ ეს სიტუაციური ერთობა და სოლიდარობა დაიშლება და პარტიები ერთმანეთის მიმართ კონკურენციის გარემოში გადაინაცვლებენ.
აქ კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა იმალება - ნიკა მელიას მზარდი პოპულარობის ფონზე, რამდენად გამძლე აღმოჩნდება მისი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთ ლოიალობა?
ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ შიგნითაც მაღალი ნდობით სარგებლობს, ეს აჩვენა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა და, რაც მთავარია, მის მიმართ კეთილგანწყობა გასცდა პარტიის მხარდამჭერთა ფარგლებს. ამას საპარლამენტო არჩევნებში გლდანის ოლქის შედეგები აჩვენებს.
ეს მოცემულობა, არ მგონია, იოლად გადასახარში იყოს სააკაშვილისთვის, რომელსაც, როგორ წესი, არ უყვარს ძალაუფლების გაყოფა და ლიდერობის გაზიარება მით უფრო, პარტიის შიგნით.
ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი-მელიას პოლიტიკურმა ტანდემმა მომავალში გარკვეული სიურპრიზები შემოგვთავაზოს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მომდევნო არჩევნებში, სულერთია, ვადამდელი იქნება ეს თუ არა, საქართველოს ეყოლება კოალიციური ხელისუფლება, რაც ავტორიტარიზმის პრევენციის მძლავრი ინსტიტუციური მექანიზმია.
არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი-მელიას პოლიტიკურმა ტანდემმა მომავალში გარკვეული სიურპრიზები შემოგვთავაზოს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მომდევნო არჩევნებში, სულერთია, ვადამდელი იქნება ეს თუ არა, საქართველოს ეყოლება კოალიციური ხელისუფლება, რაც ავტორიტარიზმის პრევენციის მძლავრი ინსტიტუციური მექანიზმია
- ე.წ. მეხუთე რაუნდის დაწყებაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ შედგება თუ არა იგი, დღემდე უცნობია. ხელისუფლება არ აპირებს ვადამდელი არჩევნების თემაზე ოპოზიციასთან დიალოგს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში ჩართვაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგი არა ელჩების, არამედ პრეზიდენტ მონაწილეობით სურს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, ახლა კიდევ უფრო გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლოს ელჩების ჩართულობით მმართველი გუნდის დათანხმება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე?
- როგორც უკვე ვთქვი, ვადამდელი არჩევნების „სუნი“ ყველაზე მეტად ახლა დატრიალდა საქართველოში. და ამას არა იმდენად პოლიტიკური აქტორების ნება ან ფასილიტატორების როლი განსაზღვრავს, არამედ პოლიტიკური კრიზისის სიღრმე და სიმწვავე.
ვადამდელი არჩევნების „სუნი“ ყველაზე მეტად ახლა დატრიალდა საქართველოში. და ამას არა იმდენად პოლიტიკური აქტორების ნება ან ფასილიტატორების როლი განსაზღვრავს, არამედ პოლიტიკური კრიზისის სიღრმე და სიმწვავე
ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კრიზისის გამწვავების თვალსაზრისით რისი მაპროვოცირებელიც გახარიას გადადგომა გახდა, ახალ ფაზაში შევდივართ, საიდანაც გამოსავლის ძიებამ, მოსალოდნელია, ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანოს.
ვადამდელი არჩევნების ალტერნატივაა ავტორიტარიზმის გაძლიერება საქართველოში. თუმცა, მჯერა, რომ ეს არ იქნება სრულფასოვანი ალტერნატივა, რამდენადაც, ჩემი აზრით, მყარი ავტორიტარიზმის ბაცილა საქართველოს საზოგადოებამ უკვე საბოლოოდ დაამარცხა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი