რომან გოცირიძე - უნდა შეწყდეს ის უმსგავსობა, რაც ხდება და ამის შემდეგ გადავიდეს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების რეჟიმში

უნდა შეწყდეს ის უმსგავსობა, რაც ხდება და ამის შემდეგ გადავიდეს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების რეჟიმში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის შანსს უკარგავს, „თუ ის გააგრძელებს იმ რეპრესიებსა და უგუნურ პოლიტიკას, რომელსაც ეწევა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში".

„დღეს, „ქართული ოცნება" ზრუნავს საკუთარ ძალაუფლებაზე და ფაქტობრივად, არ აინტერესებს არავითარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. უმძიმეს ვითარებაშია ეკონომიკა. ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, დაახლოებით 120 მილიონი დოლარია გაყიდული თვენახევრის განმავლობაში და ლარი წკიპზე უჭირავთ ხელით. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის სულ მცირე ერთი მილიარდი დოლარის ინტერვენციების განხორციელება დასჭირდება ეროვნულ ბანკს. საიდან ამხელა ფული, სად აქვს საქართველოს 1 მილიარდი გადასახდელი, მხოლოდ და მხოლოდ, ლარის სტაბილიზაციისთვი?! სესხები, ანუ ქვეყანა ეფლობა ვალებში. არ არსებობს არავითარი შანსი იმისა, რომ ამ მთავრობამ, მისმა ამ საკადრო შემადგენლობამ, მისმა ინტელექტუალურმა რესურმა, ხელისუფლების დანგრეულმა პოლიტიკურმა წონამ რაიმე ელემენტარული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე. ამიტომ დღეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამის აუცილებელი პირობაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. შეუძლებელია რაიმე სახის მოლაპარაკებაზე საუბარი, როდესაც ფაქტობრივად, ზეწოლის ხერხად გამოიყენეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის ასე იზოლაცია, დატყვევება და მძევლად გადაქცევა. ეს არის ტერორისტული მიდგომის ნაირსახეობა, გყავდეს მძევალი და შემდეგ ელაპარაკო მძევლის გათავისუფლების მოტივით. ამიტომ, უნდა შეწყდეს ის უმსგავსობა რაც ხდება და ამის შემდეგ გადავიდეს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების რეჟიმში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო