მე რომ არ ვაცნობიერებდე პასუხისმგებლობას ამ მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და იმ საფრთხეებს, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა შეკითხვას, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას უახლოეს მომავალში.
ზალკალიანის თქმით, „ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს თანამდებობას და არავინ შეუცვლელი არ არის”.
რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ დატოვა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი, ზალკალიანის თქმით, ეს ყველაფერი გახარიამ ძალიან მკაფიოდ განმარტა.
„გიორგი გახარიამ ძალიან მკაფიოდ ახსნა ეს ყველაფერი. იქ იყო ძალიან სერიოზული პოლემიკა და დისკუსია, ფორმასთან დაკავშირებით და ვერ მოიძებნა კონსენსუსი. მე ამ პროცესში არ ვყოფილვარ ჩართული”,- აღნიშნა ზალკალიანმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
„მინდა ჩემი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის მიმართ. ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან ერთად მთავრობის კაბინეტის შემადგებლობაში ყოფნა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის საგარეო მიმართულებით. ეს ორი ადამიანი ჩემთვის იყო ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში გამორჩეული ადამიანები, ვისთან მე მრავალი წლის განმავლობაში მქონია ურთიერთობა და რომლებიც ყოველთვის იყვნენ მოწადინებულები, რომ სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო პრიორიტეტული და მათი გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ჩემი დღეს აქ ყოფნა არის დასტური იმისა, რომ მე ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მოდის ჩემზე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.