დავით ზალკალიანის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხი მწვავედ დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს მთავრობა რეგულარულად სვამდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

„ზაზა გახელაძისა და დანარჩენი უკანონო პატიმრების გათავისუფლების თემა საქართველომ კატეგორიულად მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. არაერთხელ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და თანათავმჯდომარეების მედიაციის გამოყენება. საკითხი მწვავედ დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა ეუთოს მუდმივი საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი და სხვა საერთაშორისო ფორმატები," - აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, ზაზა გახელაძის საკითხზე ფართო საერთაშორისო გამოხმაურება იქნა უზრუნველყოფილი. კერძოდ, 9 თებერვალს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. როგორც ზალკალიანი აცხადებს, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობის 12 წლით გაგრძელების შესახებ. 11 თებერვალს, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე.

მისივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა. ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, კანადის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა წარიმართა 15-16 თებერვალს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობის რანგში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს