მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის ასოცირებული ხარისხის პროგრამები და კრედიტების აღიარების მექანიზმი დაინერგება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ ახალ ინიციატივებსა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ჩხენკელის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიის შესწავლასთან ერთად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის ასოცირებული ხარისხის პროგრამები და კრედიტების აღიარების მექანიზმი დაინერგება, ასევე გაიზრდება პროფესიული განათლების დანერგვის მასშტაბი საჯარო სკოლებშიც.

ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2021 წლიდან კი სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, ჩხენკელმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა და დაგეგმილ სიახლეებზე, კერძოდ: მომდევნო წლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა; წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისი ეროვნული ჩარჩო; ევროპული ჩარჩოს ინდიკატორებზე დაყრდნობით დაინერგა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები; მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში; დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული კოლეჯების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის კოლეჯები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი.

“2021 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლება გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა.

ჩხენკელმა იმ მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ 70 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გულისხმობს საქართველოში პროფესიული განათლების გასავითარებლად. პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მიზნად ისახავს საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შემუშავებული მოდელი გულისხმობს ყველა საგანმანათლებლო სივრცის, მათ შორის, სკოლების ოპტიმალურ გამოყენებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თანამედროვე პროგრამების შესათავაზებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა