მიხეილ ჩხენკელი - მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის დანერგავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უდიდესი მასშტაბის მოვლენაა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც დასავლური სტანდარტებით ვითარდება.

,,უნივერსიტეტმა, რომელიც პანდემიის მიუხედავად 2020 წლის ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა, პირველი სტუდენტები უკვე მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ეს პროგრამები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია რამდენიმე უნივერსიტეტთან, მათ შორის, რენის უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ამერიკელ და იაპონელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნება. ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას განაპირობებს მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები არიან. საპატიო პრეზიდენტი კი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია – მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა გაუსვა ხაზი, ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.

„განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ეს პროექტიც ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა. აქვე მოგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს IDOM -ისა და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის IBA -ს წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. ცენტრის მშენებლობა და განვითარება დასახული გეგმითა და ვადების დაცვით მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს დაფუძნება, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები შევლენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო