გია ხუხაშვილი - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს - ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს, შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს - ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს, შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადება გაუგებარია, რადგან მშვიდობიანი აქცია მოლაპარაკებებს ხელს არ უშლის.

„ოპოზიცია ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციულობანა იმიტომ, რომ კონსტრუქციულობის და შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც ახალი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, რომელიც აბსოლუტურად საომარი რიტორიკითაა გაჟღენთილი და მოლაპარაკებების სივრცეს, ფაქტობრივად, არ აჩენს. უფრო კონსრტუქციულობის იმიტაციებთან გვაქვს საქმე ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ვიდრე რეალური მოლაპარაკების სივრცის აღქმასთან. ოპოზიციის აქციის გადადება, რატომ უკავშირდებოდა მოლაპარაკებებს ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ მშვიდობიანი აქციები თუ გაქვს დაგეგმილი, კი ბატონო, ჩაატარე და ეს მოლაპარაკებების პროცესს არაფრით ხელს არ უშლის.

ეს ყველაფერი იმიტაციებს ემსგავსება იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთის მხრივ ილაპარაკო მოლაპარაკებებზე და მეორეს მხრივ, ჩნდებოდეს საფუძვლიანი ეჭვი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. ანუ ერთი მხრიდან შენ ხსნიდე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს და მეორე მხრიდან ამას კეტავდე და შეურაცხყოფას აყენებდე, თუნდაც, მტერს, რომელთანაც მაგიდასთან დაჯდომას აპირებ - ეს აბსურდია.

გარდა ამისა, ორივე მხარე ახდენს იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირებას, რომელიც არათუ არ იკვეთება ერთმანეთთან, არამედ ურთიერთგამომრიცხავია. ეს არის იმიტაციები, უფრო პრანჭვას გავს ფასილიტატორებთან, მედიატორებთან თუ დამკვირვებლებთან - ორივე მხარე ეპრანჭება მათ, თუ როგორი კონსტრუქციულია. სინამდვილეში კონსტრუქციულობა საქმით არ იკვეთება. შენ თუ მოლაპარაკებები გინდა, მაშინ შენი რიტორიკაც უნდა ქმნიდეს მოლაპარაკებების საფუძველს, მაგრამ დღეს, რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი სიტყვით და ყველას მოღალატეს და ქვეყნის დამანგრეველს ეძახის, ვისთანაც თითქოს მოლაპარაკებას აპირებს, ეს აბსურდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო