გიგა ბოკერია - განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეეხებოდა, ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეულად სამარცხვინო და საზიანოა

განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეეხებოდა, ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეულად სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანოა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

ბოკერიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს არ ესმის, რომ ლიტვა რომელიმე პარტიასთან აფილირებული არ შეიძლება იყოს.

„ამ საოცარმა ბრიყვმა და საქართველოს ეროვნული ინტერესების მავნებელმა იხმარა ტერმინი „პარტიის მეგობარი ქვეყანა“ ლიტვაზე, მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია. ამ კაცს არ ესმის, რომ ლიტვა რომელიმე პარტიასთან აფილირებული არ შეიძლება იყოს და არ ყოფილა. ამაზე მეტი კატასტროფა საერთაშორისო გზავნილის თვალსაზრისით, რას შეიძლება ვუწოდო, არ ვიცი.

სენატის საგარეო კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ საქართველოს საკითხზე, რიშმა და შაჰინმა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოდნავ განსხვავებული სიტყვებით, იგივე სულისკვეთების შეშფოთება გამოხატა, ძალიან მაინტერესებს, იგივე შეფასებები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარზე, თუ ჩათვალეს, რომ ლიტვა პატარა ქვეყანაა და შეიძლება ამის თქმა? ეს რიტორიკული კითხვაა და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, საქართველოში მხარეები უნდა გაერთიანდნენ, სანამ გვიანი არ არის. მისი თქმით, გვიანი იქნება, როდესაც კვლავ გამოჩნდებიან ტანკები ქუჩებში. ლიეტუველი დეპუტატის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, რადგან საქართველოში პოლიტიკური ძალები თავად ებრძვიან ერთმანეთს.

„თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როგორც მან ფრაქციის „ქართული ოცნება“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ლიეტუველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა