ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ ამინდის პროგნოზზე მოსალაპარაკებლად არ მოვალთ - ცოტა ხანი გაჩერდით ბიჭებო, დაღვინდით და დაფიქრდით, რომ ჩვენს უკან ქვეყანა დგას

ჩვენ ამინდის პროგნოზზე მოსალაპარაკებლად „ქართულ ოცნებასათან“ არ მივალთ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნების საკითხზე მოლაპარაკებები მათთვის მიუღებელია.

ანა ნაცვლიშვილმა მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდა, დაღვინდნენ და დაფიქრდნენ „დაუმდგარ და არასერიოზულ“ საუბრებზე.

რაც შეეხება შეკითხვას, რას იზამს ოპოზიცია, თუ „ქართული ოცნება“ შეხვედრას, როგორც თავად უწოდებს, ოპოზიციის მხოლოდ „კონსტრუქციულ ნაწილს“ შესთავაზებს და რამდენად მივა „ლელო“ „ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გარეშე“ შეხვედრაზე, ნაცვლიშვილმა აღნიშნა:

„ბუნებრივია, მოლაპარაკებებს აქვს თავისი ტაქტიკა. შეიძლება, ტაქტიკური თვალსაზრისით მანევრები განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ამინდის პროგნოზზე მოსალაპარაკებლად არ მივალთ. ჩვენ მივალთ ახალი არჩევნების თარიღზე და ჩატარების წესებზე მოსალაპარაკებლად.

აუცილებლად მივალთ ახალ არჩევნებზე, ამას ალტერნატივა არ გააჩნია. საკითხი დგას ასე. მივალთ მცირე დანაკარგით, ან უფრო დიდი დანაკარგებით. დანაკარგებს როდესაც ვახსენებ, აქ ერთ-ერთი მთავარი და კრიტიკულია დრო, რომელიც მოქალაქეებს სადგისივით აქვს კისერში ამოსული, ყოველი დღე გაჭედილობის უზარმაზარ დანაკარგებად უჯდებათ.

ახლა, ამ სიტუაციაში ცოტა ხანი გაჩერდით ბიჭებო, დაღვინდით და დაფიქრდით, იმაზე რომ თქვენი დაუმდგარი და არასერიოზული საუბრებით: "ამიტომ გააკეთა", "იმიტომ გააკეთა", ქვეყანა დგას ჩვენს უკან. ჩვენი შვილები, მოგვკითხავენ პასუხს, როდესაც წაიკითხავენ 2020-2021 წლის ისტორიას და გვეტყვიან, აბა რომელ მხარეს იდექი“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი ადამიანები „ხელისუფლებაში და ძალაუფლებასთან ახლოს საშიშები არიან“.

ირაკლი ღარიბაშვილისგან არ ველით, არც კონსტრუქცივიზმს და არც რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ღარიბაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, რომ თუ ვინმეა რადიკალი, ექსტრემისტი, ორიენტირებული მოლაპარაკებების ჩაშლასა და ქვეყნის არევაზე, ეს სამწუხაროდ, სწორედ „ქართული ოცნებაა“.

პერსონალურად ის ასეთია, ჩვენ ვიცით მისი პრემიერობის პერიოდი. როდესაც ის იქნა წარდგენილი კანდიდატად, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში და ძალაუფლებასთან ახლოს საშიშები არიან.

ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტშიც მისაღები იყო მისი რიტორიკა. რიტორიკაში 2 განსაკუთრებით შემაშფოთებელი ხაზია. ერთი, ეს არის გაცხადებული საგარეო ვექტორი, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია იმას, რაც დეკლარირებული აქვს საქართველოს, მათ შორის, თავდასხმა ევროპელ მეგობრებზე, რომლებიც იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და შეძლოს გადალახოს უმწვავესი კრიზისი. შინაარსობრივად რაზეც აკეთებდა აქცენტს, არ არის ასეთი ევროპული სახელმწიფო.

ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას პრემიერისგან ესმოდეს სადღეგრძელოები კი არა, დამამშვიდებელი მესიჯები, რომ გვაქვს ვაქცინა, ეკონომიკას აღვადგენთ, ვიცით როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ, არაფერი ამდაგვარი არ მოგვისმენია“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა