მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების" ოპონენტობიდან ქვეყნის ოპონენტად ტრანსფორმირდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მთავრობის სრულ შემადგენლობას. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობდა.

„ხაზგასმას იმსახურებს ის, რომ სამთავრობო პროგრამა ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ უკლებლივ ყველა გამოწვევას, ხოლო გამოწვევების ჩამონათვალი და მათი ხარისხი მართლაც დამაფიქრებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა არ არის უნიკალური საქართველოსთვის, არამედ პანდემიით გამოწვეული ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, აუცილებლად უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ შევძლოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით ამ პრობლემების გადაჭრა და ქვეყნის უფრო სწრაფი პროგრესი.

წარმოდგენილი პროგრამა სტრატეგიული დოკუმენტია ნამდვილად. მასში კარგად ჩანს ხედვა იმისა, განვითარების თუ რა ეტაპზე შეგვიძლია და გვსურს ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა 2024 წელს. ასევე დამაჯერებელია ამ სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის დასახული კონკრეტული გეგმებიც", -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, პროგრამა ამბიციურობასთან ერთად, ცალსახად რეალისტურია.

„ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ნებისმიერი ის გეგმა იქნას შესრულებული, რომელსაც ასახავს პროგრამა. ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა ძალა და რესურსი იქნას მობილიზებული. აუცილებელია ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია და არ გვაქვს არავითარი უფლება, რომ წუთი დაიკარგოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ან დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობის პროცესში. ამ თემაზე საუბრისას უნდა ვთქვა, რომ აშკარად სხვა აზრისაა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ოპონენტების დიდი ნაწილი, რომელიც გეგმაზომიერად, „ქართული ოცნების" ოპონენტობიდან მდგრადად ტრანსფორმირდა ქვეყნის ოპონენტად, გაუხდია რა პრიორიტეტებად ყველა საშუალების მოსინჯვა იმისთვის, რომ ქვეყანა აქციოს წარუმატებლად, მაგალითად, დააკნინონ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა და მხოლოდ ამ გზით შეძლონ ხელისუფლების ხელში აღება", -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციას ჰქონდა სრულიად დაუსაბუთებელი არაერთი განცხადება, რომ სახეზე იყო გაყალბებული არჩევნები. სარჯველაძის თქმით, იგივე დამოკიდებულებაა მოძალადეობასთან დაკავშირებული დისკუსიების მიმართ, პოლიტდევნასა და პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

„მაშინ, როდესაც ყველა ზომა იქნა გამოყენებული ხელისუფლების, პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან, რომ ის ოპოზიციური ლიდერი, რომელზეც ასე ხშირად ხდება დისკუსია საზოგადოებაში, არ ყოფილიყო პატიმრობაში აღმოჩენილი, ყველაფერი გააკეთა თავად ოპოზიციამ იმისთვის, რომ პატიმრობა შემდგარიყო, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ აქვთ პრივილეგია და ფაქტობრივი შესაძლებლობა, რომ დაუპირისპირდნენ, ძირი გამოუთხარონ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ის,რასაც ვხედავთ არის უარგუმენტობის დრამა.

„მაგალითად, ხელახალი არჩევნების მოსათხოვად, ან სასამართლო აღსრულებასთან დაკავშირებული დისკუსიებში არგუმენტების არქონის პირობებში სიმულაცია, მოსახლეობის მოტყუება გახდა ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.

მიუხედავად რესურსების კუთხით არსებული სიძნელეებისა, მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პრიორიტეტებს შორის იმ საკანონმდებლო აქტების იმპლემენტაციის პროცესი, როგორიც არის შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი და მეიმედება ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და სხვა არაერთი", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის და ხაზსმიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ეს არის უალტერნატივო გზა დეოკუპაციისკენ, ყველაზე ეფექტიანი იარაღი, რაც გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების რეალური აღსრულების მიმართულებით", -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესზე.

„ევროინტაგრაციისკენ საუკეთესო გზა გახლავთ ადამიანის უფლებათა დაცვის იმავე სტანდარტების შექმნა, როგორიც არის ევროპული მაღალი სტანდარტები. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტის დაცვა, უზრუნველყოფა და მისი პატივისცემა არის ის, რაც ნიშნავს ევროინტეგრაციას. ევროპული ოჯახის წევრად ქცევა არის არა ფორმალურად რომელიმე ორგანიზაციის წევრად გახდომა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ევროპულ ანუ უმაღლეს ნიშნულზე თამასის დაწესება, ხოლო წევრობა - ამის დადასტურება და აღიარებაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური მაჩვენებელი და გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქვეყნისთვის წარმატების მომტანი, თუ ეკონომიკური სიკეთე თანაბრად ემსახურება თითოეული მოქალაქის მდგომარეობის დღითიდღე გაუმჯობესებას. ეს არის გზა ნებისმიერი მცირე წარმატების საყოველთაო წარმატებად ქცევისკენ", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა