„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ თბილისში, რეგიონებიდან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული, რაც იმის ნიშანია, რომ პარტიის ოფისის შტურმისთვის ემზადებიან.
როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, პარტიის ოფისში ყველა კარი და ფანჯარა იქნება ჩაკეტილი.
უდუმაშვილის თქმით, ისინი სპეცრაზმს მშვიდობიანად, ხელაწეული დახვდებიან.
„სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ თბილისში რამდენიმე რეგიონიდან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და ერთ კონკრეტულ ბაზაზე არიან განლაგებული. მათ შორის ჩამოტანილია ცალკე, მათი სრული ეკიპირება, რაც ნიშანია, რომ გარკვეული მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის. ამიტომ, ჩვენც ვემზადებით, ბუნებრივია, ყველა კარი და ფანჯარა ჩაკეტილი იქნება. ჩვენ ოფისის შიგნით ვართ განლაგებული, აქ ვართ.
დავიარეთ აბსოლუტურად ყველა ოთახი, სადაც ჩვენი მხარდამჭერები არიან, ყველას თავიდან განვუმარტეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დავდგეთ მშვიდობიანად, ხელაწეული შევხვდებით შემოსულ სპეციალური დანიშნულების რაზმს და თავს დავიცავთ. არანაირი აგრესია სამართალდამცველების მიმართ“ , - განაცხადა უდუმაშვილმა და დასძინა, რომ თავდაცვაში გულისხმობს, „ჯოხს რომ მოგიქნევენ, ხელი მაინც უნდა დაახვედრო, რომ თავში არ მოგხვდეს".