მეთიუ ბრაიზა - ნიკა მელიას დაპატიმრება და უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბის დარბევა ქართული დემოკრატიის ისტორიაში ბნელი დღეა

წინსვლისკენ ერთადერთი უსაფრთხო გზაა, განახლდეს მძიმე სამუშაო დემოკრატიული ინსტიტუტების აღსადგენად, შემდგომი საარჩევნო რეფორმების შემუშავებითა და ახალი არჩევნების ჩატარებით, რაც ქართველი ხალხის რწმენას მოიპოვებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის „ბნელი დღეა“.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბის დარბევა ქართული დემოკრატიის ისტორიაში ბნელი დღეა. ეს კონფრონტაციული ნაბიჯი კიდევ უფრო საზიანოა, ვიდრე გასულ კვირას მთავრობის გადაწყვეტილება მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე, რაც მისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურის ფუნდამენტური უფლების ჩამორთმევას ნიშნავდა.

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის სიმწიფე უკვე ეჭვქვეშ იყო დაყენებული, მთავრობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის თვეების განმავლობაში საპარლამენტო დაპირისპირების გამო. საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეები, ფუნქციონირებად პარლამენტს იმსახურებენ”, - აღნიშნა ბრაიზამ.

მისივე თქმით, ესკალაციის შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და როგორც მოსახლეობამ, ასევე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დეესკალაცია უნდა აირჩიონ.

„არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია თბილისისა და ახლა ბათუმის ქუჩებში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას მიაყენებს ზიანს. ნატო-ს წევრობისთვის მხოლოდ განვითარებული დემოკრატიული სისტემის მქონე ქვეყნები არიან შესაფერისი. იმედია, საქართველოს ხალხი და მათი პოლიტიკური ლიდერები დეესკალაციის ბრძნულ გზას აირჩევენ, რომელსაც, როგორც ჩანდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გასულ კვირას, გადადგომის დროს ემხრობოდა.

მართლაც, წინსვლისკენ ერთადერთი უსაფრთხო გზაა, განახლდეს მძიმე სამუშაო საქართველოს დაზიანებული დემოკრატიული ინსტიტუტების აღსადგენად, - შემდგომი საარჩევნო რეფორმების შემუშავებითა და ახალი არჩევნების ჩატარებით, რაც ქართველი ხალხის რწმენას მოიპოვებს. ნებისმიერი ასეთი ძალისხმევისთვის საჭირო იქნება და დაიმსახურებს კიდეც აშშ-სა და ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას.

თუმცა ახლა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული პასუხისმგებლობითა და გონივრულად მოქცევა, რაც ორიენტირებული იქნება დემოკრატიული მომავლის მშენებლობაზე ისე, რომ ისევე, როგორც 2012 წელს, სამომავლო პოლიტიკური ტრანზიციები მშვიდობიანად მოხდეს“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო