გიგი უგულავა - ვაპირებ პარლამენტთან დავრჩე, დაიწყება მორიგეობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილი დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავენ.

გიგი უგულავამ იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ, რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც მან განმარტა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები გააკეთებენ სპეციალურ გრაფიკს და რუსთაველის გამზირზე ამ გრაფიკის მიხედვით იმორიგევებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, სეზონი არაა, კომენდანტის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენგანი პირბადეებით დავდივართ, ვცდილობთ საკუთარი თავები და სხვებიც დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია, ყველაფერი ამის მიუხედავად, აღარ გვაქვს ფუფუნება თბილად ვისხდეთ. სისულელეა, თითქოს, კარავი ამახინჯებს იერს, გასასვლელი არაა, ბიგბენის გვერდითაც დგას ასეთი კარვები. მე ჩვენს მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე აქ, იმიტომ, რომ ამ უგუნურებისგან თავდასხმის საფრთხე ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემთ ამის საშუალებას, ამ ფერხულში ჩაერთვება. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. ამაღამ კრიტიკული ღამეა, ახლა ხომ იცით ბევრნი ვართ, თან აღარ გაგვაღიზიანეს, დილით საზიზღრობა ჩაიდინეს და როგორც კი შევცოტავდებით, ტურებივით შეიძლება მოგვეპარონ და ფეხვქვეშ გაგვთელონ. აქ იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინც დარჩებით გაიარეთ რეგისტრაცია, ასევე ჩვენც პოლიტიკური ლიდერებიც გავაკეთებთ გრაფიკს და იქნება ცხელი კეთილი და თავისუფალი წერტილი. ეს ადგილია საქართველოს აგორა, ყველა საბოლოოდ აქ სიმართლის სათქმელად და სიმართლის დასამტკიცებლად მოდის. რაც შეეხება 26 თებერვალს დაგეგმილ აქციას, მსვლელობა ფილარმონიიდან 15:00 საათის ნაცვლად 13:00 საათზე დაიწყება. იმის გამო, რომ აქტივისტებმა სახლში დაბრუნება შეძლონ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს