საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტოს გაერთიანებასთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტოს გაერთიანებასთან დაკავშირებით მიმართავს.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭო და წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდობის სფერო სექტორთაშორისია და საჭიროებს სათანადო პოზიციონირებას. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ფუნქციონირება პრინციპული საფრთხის ქვეშ დგება. კანონპროექტით წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებით, ახალგაზრდული სფერო აღმოჩნდება ზედმეტად გართულებული ადმინისტრაციული პროცედურის წინაშე, რადგან იგი გაერთიანდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. არსებული სტატუსით სააგენტო იღებს მოქნილ გადაწყვეტილებებს, ხოლო სამინისტროსთან შეერთებით, იგი მოექცევა ბიუროკრატიულ სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყების რეორგანიზაცია აზარალებს თავად სექტორს, ახალგაზრდობასა და ზოგადად სახელმწიფოს. ერთადერთი მოქნილი სტრუქტურა, რამაც შეიძლება ახალგაზრდულ სფეროს შეუნარჩუნოს ღირებულება არის დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე უწყება.

სააგენტო არის ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმნელი და მისი დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით არსებობა მნიშვნელოვნად აადვილებს სხვადასხვა სამინისტროების მიერ დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებასა და მათზე მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია და ევროსაბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ამჟამინდელ მოდელს, უპრეცენდენტო მხარდაჭერას უწევს მას და სხვა ქვეყნებსაც სთავაზობს საქართველოს მაგალითის გაზიარებას. პროცესის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც 2024 წლისათვის ქვეყანა გეგმავს ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებას.

მივიჩნევთ, რომ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შენარჩუნება გააადვილებს ახალგაზრდების ჩართულობას, სხვადასხვა სამინისტროების მიერ ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისას შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერას, მონიტორინგს და ეფექტურ თანმშრომლობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სექტორის განვითარებას და შეუქცევადს გახდის დასახული რეფორმების გატარებას. ამიტომაც ვთვლით, რომ ახალგაზრდობის სააგენტო არ უნდა იქცეს კანონპროექტით გათვალისწინებული კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეუწყებად!

ახალგაზრდობის წინაშე გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა აქტიურად ითანამშრომლოს ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამავდროულად მათთან კონსულტაციით, ჩართულობით მოხდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილების განხორციელება.

როგორც სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, გამოვხატავთ მზადყოფნას აქტიურად ვითანამშრომლოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის სწრაფი განვითარებისა და ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი შეხვდება ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, სფეროში არსებული გამოწვევების განსახილველად და დიდი ყურადღებით მოეკიდება და გაიზიარებს სამოქალაქო საზოგადოების სურვილს ახალგაზრდობის სააგენტო დარჩეს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციებია:

1.ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი;

2.ახალგაზრდული ალტერნატივა;

3.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი;

4.ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“;

5.საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია;

6.საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები;

7.მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;

8.ასოციაცია „ტოლერანტი“;

9.სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“;

10.საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია;

11.საქართვლოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო;

12.ახალგაზრდული ასოციაცია დრონი;

13.ასოციაცია ჰერა XXI;

14.ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო;

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო