ქართველი მწერლები და გამომცემლები - ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა და დაპატიმრება დაიწყო

ქართველი მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოელი კოლეგებისა და საქართველოს მეგობრების მისამართით მიმართვას ავრცელებენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა და დაპატიმრება დაიწყო.

„23 თებერვალი ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ცრემლით, ტკივილით, მაგრამ სიამაყით ვიხსენებთ ქართველ იუნკერებსა და ათასობით მებრძოლს, რომლებმაც 1921 წელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გმირულად შესწირეს თავი. უდიდესი მსხვერპლის ფასად, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა.

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა. დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, საქართველო და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები ისევ უდიდესი საფრთხის წინაშეა.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.

ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!“, - ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და საქართველოს პენცენტრის განცხადებაში, რომელიც „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო