ხათუნა ლაგაზიძე - დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” „ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც

დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის“ და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას“ შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, აქ ხომ მელიაში არ არის კონკრეტულად საქმე, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის“ და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან“. ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენად იყო ცნობილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შტურმით იღებს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინას. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, ამას რა შეიძლება მოყვეს. ამის შემდეგ თუ რეაქცია არ იქნება სათანადო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიდგებიან, აუცილებლად მიდგებიან თავისუფალ მედიას და მერე ეს წავა დომინოს პრინციპით, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ესენი ახალს არაფერს აკეთებენ.

გასაგებია პოლიტიკოსების ავხორცული ვნებები, მაგრამ საზოგადოების მიკვირს და მტკივა, ვინც აღტაცების ყიჟინით ხვდება „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ მინდა შევახსენო, ძალიან ბედნიერები რომ იყვნენ საჩვენებელი დაჭერებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ძალიან ბევრს არ ეგონა, რომ ეს დაჭერა, ტერორი, უფლებების შეზღუდვა, ბიზნესების წართმევა მათ კართანაც ჩაიმუხლავდა, სეირს უყურებდნენ ტელევიზორებით და ხომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერორის მსხვერპლი ლამის მთელი საქართველო გახდა. არ დარჩენილა ჯიხურის მფლობელი, რომ არ შეხებოდა ეს ხელი. პირობას გაძლევთ, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას“ შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ვინ ვის მისცა ხმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა