არჩილ თალაკვაძე - 100 წლის შემდეგ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს  ბოლომდე მივიყვანთ

ასი წლის შემდეგ, დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა და დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად. ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის შთამბეჭდავი ისტორია და არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდელობა და თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება. ასი წლის შემდეგ, დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკური გაძლიერებით. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება ,დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება დღეს ხელოვნურად არის მავთულხლართებით გაყოფილი. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, - განცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს