სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს - სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

სიმბოლურია, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რითაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა კოჯორში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს.

„რეალობაა ის, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე, ჩვენ კვლავ გვიწევს იგივე ბრძოლის გამართვა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად. სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებით ამ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. რეალურად, გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად დაშორდა ევროატლანტიკური მომავლის კურსს. ჩვენმა მეგობრებმა ასევე გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზა სწორედ ევროპასა და ნატო-ში ჩვენი მომავალია. ის ხალხი, ვის მემორიალთანაც მოვედით, სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში დაეცნენ. ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე გაგრძელდება. ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, რადგან სწორედ ასე მივალთ იქამდე, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ბრძოლა. სიმბოლურია, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რითაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო