გიორგი ბარამიძე - ყველა მეგობარი, ევროპასა თუ ამერიკაში ლაპარაკობს, რომ შესაძლოა, ამ რეჟიმის თავკაცებს, ოლიგარქ ივანიშვილს, ე.წ. პრემიერ-მინისტრს და სხვებს სანქციები დაუწესდეთ

დღესაც ჩვენს ქვეყანას ანალოგიური საფრთხე უდგას, რადგან ადამიანები, დღევანდელი ფილიპე მახარაძეები, ორჯონიკიძეები და სტალინები, ამ აზროვნების ადამიანები, თანამედროვე გავრილოვები, სამწუხაროდ, კვლავ არიან ჩვენს ხელისუფლებაში, რომლებიც მზად არიან, ხელისუფლებაში ყოფნის გამო საკუთარი სამშობლო დაადანაშაულონ ოკუპანტის წინააღმდეგ და საქართველოს მოუსპონ ქართული, მაშასადამე, ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განუცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, დღესაც გვიწევს ამ ბრძოლის გაგრძელება. უნდა გვესმოდეს, რომ თუ საჭიროა, ჩვენი სიცოცხლეც უნდა გავიღოთ, რათა მომავალ თაობებს მაინც ერგოს ის საქართველო, რასაც ქართველი ერი იმსახურებს, ჩვენი ქვეყანა, ქართველი, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო “,- განაცხადა ბარამიძემ.

გარდა ამისა, ბარამიძემ ისაუბრა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზეც.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველთვის შესაძლებელია, „მაგრამ საკითხავია, რამდენადაა შესაძლებელი შეთანხმება.

„შეთანხმების სივრცის გაჩენა შეუძლია მხოლოდ იმ რეჟიმს, რომელმაც დააპატიმრა ნიკა მელია, დაპატიმრებული ჰყავს გიორგი რურუა და რომელიც არ თანხმდება, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ნორმალურ გარემოში, ნორმალური ადმინისტრაციით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, რაზეც ყველა ლაპარაკობს და არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარი პოლიტიკოსი. ეს სივრცე უნდა გააჩინოს გავრილოვების ამ რეჟიმმა. შესაძლებელია საუბარი ამ ფორმატში იმიტომ, რომ მთავარი არის ის, რაც ჩვენს ხალხს უნდა - სიმშვიდე, სიწყნარე, ანუ უმძიმეს პოლიტიკური ვითარების განმუხტვა“,- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები საუბრობენ, რომ, შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაეკისროთ.

„საქართველოს ყველა მეგობარი, ევროპასა თუ ამერიკაში, სერიოზულად ლაპარაკობს, რომ, შესაძლოა, დიდი ალბათობით ამ რეჟიმის თავკაცებს, არაფორმალურ მმართველ ოლიგარქ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ ე.წ. პრემიერ-მინისტრსა და სხვებს სანქციები დაუწესდეთ. ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვისაც, იმიტომ, რომ არ არსებობს მმართველებს ჰქონდეთ სანქციები და ეს არ აისახოს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე“,- განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა