დავით ზალკალიანი - როგორც 100 წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში

როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოკუპაციის 100 წლისა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

„100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე. ქართველების გმირული თავგანწირვის მიუხედავად, 1921 წელს, საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. მთავრობა, რომელიც საბჭოთა ძალებს არ დანებდა, საფრანგეთში გაიხიზნა, ჩვენმა ქვეყანამ კი დამოუკიდებლობა მომავალი 70 წლით დაკარგა.

რუსეთმა დაარღვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რითაც უგულებელყო საერთაშორისო სამართალი და საქართველოში არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით, სამხედრო ჩარევით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია.

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველო მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და ომის ფორმალურად გამოცხადების გარეშე, საბჭოთა რუსეთმა იზოლაციაში დარჩენილი ქვეყნის ფაქტობრივი ანექსია განახორციელა.

საქართველო სრულიად მარტო აღმოჩნდა უდიდესი რეპრესიული სახელმწიფოს წინაშე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი და თითქმის ერთი საუკუნით დააცილა ევროპას. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩა და მთელი ამ წლების მანძილზე არ შეუწყვეტია სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპისკენ.

100 წლის შემდეგ, დღესაც, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მოსკოვი ისევ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას და აგრძელებს ახალი სახის ბერლინის კედლით - მავთულხლართებით ჩვენი მოსახლეობის დაყოფას.

თუმცა, როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. დღესაც, როგორც ასი წლის წინ, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის როლი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში.

ოკუპაციის 100 წლისა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველო განუხრელად აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში“, - წერს დავით ზალკალიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა