ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს საპროტესტო მსვლელობას და მანიფესტაციას გამართავს

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ცნობისთვის, ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია დღეს გაიმართება - ოპოზიცია აქციას საპროტესტო მსვლელობით დაიწყებს

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული