გიგა ბოკერია პროკურატურის შეთავაზებაზე - უნიჭო პიარსვლა იყო გათვლილი, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების ნაწილზე, ასევე ქვეყნის გარეთ, თითქოს რაღაც ნაბიჯი გადადგეს

იაფფასიანი, ძალიან უნიჭო პიარსვლა იყო გათვლილი, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით საზოგადოების ნაწილზე, ასევე ქვეყნის გარეთ, თითქოს, რაღაც ნაბიჯი გადადგეს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის ახალ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუკი, ის გირაოს თანხას გადაიხდის, უწყება სასამართლოს აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც ბოკერია განმარტავს, აქცია-მსვლელობა, რომელიც ამ წუთებში დაიწყო, არამხოლოდ აქტივისტების, არამედ დემოკრატიული პარტიების პირველი საერთო მსვლელობაა.

„დღეს არის პირველი, ყველა დემოკრატიული პარტიის ერთობლივი აქცია-მსვლელობა რუსთაველზე. ამ მსვლელობის ბოლოს გამოცხადდება ის თარიღები, როდის იქნება შემდგომი აქციები, ეს იქნება მთელი წყება აქციების, ეს გაგრძელდება, გაიზრდება, უფრო ინტენსიური გახდება. ეს აქციები იქნება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე, იქამდე ვიდრე, ჩვენი საზოგადოება არ მიაღწევს იმ ამოცანას, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით. ამის მიღწევას პოლიტიკური დევნის დასრულება სჭირდება - ნიკა მელიას, 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული პოლიტპატიმრის გიორგი რურუას განთავსუფლება და ამ დევნის დასრულება ახლა და სამუდამოდ ქვეყანაში, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ვგულისმობ. ასევე, საჭიროა, თავისუფალი, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა“, - აცხადებს ბოკერია.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მიზნებს ოპოზიცია საზოგადოებრივი, მზარდი და ყოვლისმომცველი პროტესტით მიაღწევს. ბოკერიას თქმითვე, ახლა მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა, როგორ გააკეთებს ამას მთავრობა, მნიშვნელობა არ აქვს. მისი განმარტებით, ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის ახალი შეთავაზება იაფფასიანი სვლაა.

„ჩენთვის მთავარი შედეგი - პოლიტიკური დევნის დასრულება - მელიას, რურუას გათავისუფლებაა. თუ როგორი კომიკური გზით გააკეთებენ ამას, ეს ჩემთვის უმნიშვნელო საკითხია. იაფფასიანი, ძალიან უნიჭო პიარსვლა იყო გათვლილი, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე საზოგადოების ნაწილზე, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ, თითქოს, რაღაც ნაბიჯი გადადგეს. ამ საკითხზე მელიამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, რომელიც ჩემი აზრით, პრაგმატულად და მორალურად სწორი იყო. პოლიტიკური დევნის, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის და არჩევნების მოპარვის ფონზე, მისთვის პრინციპული იყო, სამარცხვინოდ შეკერილ საქმესთან დაკავშირებით, გირაო არ გადაეხადა. ახლა რა შეიცვალა, რომ დაიჭირეს ეს შეიცვალა? მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მისი მყარი პოზიცია ვიცი. როგორც უნდათ, ისე მოიფიქრონ და იმ ფორმით გაათავისუფლონ მელია, რურუა, დაასრულონ პოლიტიკური დევნა და გონს მოვიდნენ, სტატუს-კვოს მოპარული არჩევნებით ვერ შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს