პარლამენტი “აღსრულების კოდექსს“ მიიღებს, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელთა პალატის შექმნა იგეგმება

პარლამენტი “აღსრულების კოდექსს“ მიიღებს. უქმდება “აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და “კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და აღსრულების სრულიად ახალი სისტემა ყალიბდება.

“აღსრულების კოდექსის“ პროექტის მიხედვით, ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სსიპ-ი - აღმასრულებელთა პალატა იქნება, რომლის შემადგენლობაში ყველა აღმასრულებელი შევა. რაც შეეხება ცალკეულ აღმასრულებლებს, მათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, სამოქმედო ტერიტორია განესაზღვრებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა.

აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს შეინარჩინებს. მისი ძირითადი უფლებამსილება იქნება - აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს მუდმივი დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზედამხედველობა, აღმასრულებელთა პალატისთვის/აღმასრულებლისთვის შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად.

პროექტით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას უზრუნველყოფს, ინსპექტორი ეწოდება. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღმასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა.

აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტუქტურული ერთეული იქნება. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2011 წლიდან აღსრულების პოლიცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ახორციელებს სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის, ასევე მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეების აღსრულებას. კოდექსის პროექტით, ზემომითითებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებაზე უფლებამოსილ სუბიექტად აღსრულების პოლიცია განისაზღვრება. მოცემული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას აღსრულების პოლიციელი ისარგებლებს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე დაეკისრება აღამასრულებლის ყველა მოვალეობა.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

“აღსრულების კოდექსის“ პროექტს პარლამენტს დეპუტატები: მიხეილ სარჯველაძე და თეა წულუკიანი წარუდგენენ. პროექტი ბიუროს 1-ელი მარტის სხდომაზე წარედგინება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა