ლევან იოსელიანი - მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში დღეს მოხდება.

მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, იქნება უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა.

„დღეს არის ისტორიული დღე. ჩვენ საბოლოო ჯამში, შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც რეალურად, სამომავლოდ საქართველოსთვის არჩევნებს გახდის ბევრად უფრო სანდოსა და გასაგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად. ამ ცვლილებების შედეგად, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის, ვადამდელი თუ 2024 წლის, არჩევნების დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, გასაგები, უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ითვლისწინებს ყველაზე მთავარს- ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას, პირველ ეტაპზე, ნაწილ უბნებზე და მერე მთელ საქართველოში; რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც კარუსელების თემას დახურავს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების 10% -ის სავალდებულო გადათვლა, ასეთი 365 უბანია, რაც გამორიცხავს გაყალბების შესაძლებლობას“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ცვლილებები, რაც კანონპროექტშია ასახული, არის რევოლუციური.

„ეს ცვლილებები, რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ეს ყველაფერი მთლიანობაში შემდგომ არჩევნებს, როცა არ უნდა ჩატარდეს, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო სანდოს გახდის. უნდა დავასრულოთ არჩევნების გამო დაპირისპირებისა და კრიზისის შესაძლებლობა. არჩევნები აღარ უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი, ეს იყო მთავარი ამოცანა, რის გამოც შემოვედით პარლამენტში და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. ჩვენ ამას კანონად ვაქცევთ მაშინ, როცა სრული კონსენსუსი იქნება არამხოლოდ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, არამედ საზოგადოებაში. ყველას უნდა გავაგებინოთ რომ ეს ცვლილებები არის გარდამტეხი და შეცვლის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო