გია ხუხაშვილი - დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის - ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

„ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება „ოცნების“ მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი. გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, აღიარონ შეცდომა და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში, რადგან გახარია აღმოჩნდა ერთადერთი გონიერი ადამიანი „ოცნებაში“. ეს არის პოლიტიკურად სწორი. რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის. ხელისუფლება თუ წავა დათმობაზე, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი სახელისუფლებო რყევებით. ჩვენ ნუ შევხედავთ ისე, რომ ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და ზრუნავს, მას აქვს თავისი ინტერესები. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. მათ იციან რომ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებულად. მან დაინახა, რომ ჩვენთან არ არსებობს არანირი დიალოგი და დიალოგის გარეშე კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. ამიტომ ის გვაიძულებს ჩარჩოებში მოვექცეთ, გინდა ჩემს ოჯახში?! მაშინ მე მაქვს თამაშის წესები. ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ჰქონდეს ევროპაში. მიშელიც ამას ამბობს, რომ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი არჩევანი“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს თავისი წესები და თუ ჩვენ ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში შესვლა, მაშინ უნდა ითამაშოს მათი წესებით.

„რაც შეეხება ბრიუსელის ჩართულობას ამ პროცესში, შედეგი ექნება იმ შემთხვევაში თუ ჩვენი განვითარების ვექტორად ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ვექტორი ევროკავშირისკენ და ევროკავშირს აქვს თავისი თამაშის წესები. როდესაც ვიღაცას ეუბნები, რომ შენ ოჯახში უნდა ვიცხოვრო, ის გეუბნება, რომ თუ გინდა, რომ ჩემთან იცხოვრო სახლში უნდა დაიცვა წესები. ის პოზიცია, რომ შენ ოჯახში მინდა ცხოვრება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ეს შენი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, არალოგიკურია. შესაბამისად, ხელისუფლების ქმედებები არის გარკვეული ტესტი, რომ მათი მხრიდან განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე, თუ რეალური არჩევანია, მაშინ უნდა ითამაშონ ამ წესებით და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და არ დაექვემდებარებიან წესებს, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ყალბი არჩევანი და ისინი უბრალოდ გვატყუებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს