ხათუნა სამნიძე - მინდა მოვუწოდო ბატონ პრემიერსაც, ნუ დავარღვევთ იმ სიტყვას, რომელიც შუამავალთან ერთად ერთმანეთს მივეცით - არ ვილაპარაკოთ წითელ ხაზებზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან ნდობის აღდგენისთვის და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ გაგრძელდეს.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ყველა კარი ჩარაზული იყო. დღესაც ოპოზიციური პარტიები ძალიან რთულ ვითარებაში ვართ იმიტომ, რომ დაჭერილია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჯერ კიდევ არ ისმის ხელისუფლებისგან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ელემენტარულად შესაძლებელი იყოს დიალოგის გაგრძელება. ჩამონათვალში, რომელიც ჟურნალისტებისთვისაც ცნობილია, პრიორიტეტები არ წერია. ჩამონათვალია ნუმერაციის გარეშე, მაგრამ ყველასგან ხაზი გაესვა, რომ ნდობის აღდგენისთვის და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგრძელდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და ჩვენ პოლიტიკოსები, რომლებიც მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ, არ ვიყოთ იმ განცდის ქვეშ, რომ ხვალ შეიძლება ჩვენც ასევე აღმოვჩნდეთ ნიკა მელიას ადგილას და ეს გამორიცხული არ არის. ამ 2 კვირაში, რა ვადაც დაასახელა პრეზიდენტმა მიშელმა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან პასუხისმგებლობის აღება. პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მშვიდად აღიქვამს კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, რაც არის აქციებში მონაწილეობა და საპროტესტო მსვლელობები. მინდა მათ შევახსენო, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება“,-განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძემ პრემიერს მოუწოდა, მოლაპარაკებების დროს ნათქვამი სიტყვები არ გატეხოს.

„ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ აქციების ფორმების მოდიფიკაციას მოვახდენთ. ეს არ იქნება პიკეტირება და ბლოკირება, იქნება სხვადასხვა ტიპის მშვიდობიანი აქციები, რომელშიც ჩართულები იქნებიან ჩვენი ოპოზიციური ამომრჩეველი. ამით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, ჩვენ არავითარ შემთხვევაში საბაბს არ მივცემთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები შეწყდეს. ამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. გუშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. არ არსებობს წითელი ხაზები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბატონ პრემიერსაც, ნუ დავარღვევთ იმ სიტყვას, რომელიც ჩვენ შუამავალთან ერთად ერთმანეთს მივეცით. არ ვილაპარაკოთ წითელ ხაზებზე“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარება შესთავაზა, რაზეც პასუხი არ მიუღია.

„თუ შეთანხმება შედგება ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ შედგება თუ არა შეთანხმება, ორივე მხარეზეა დამოკიდებული. ოპოზიციურმა პარტიებმა ჩვენი პასუხისმგებლობა ვიცით, კომპრომისებიც შევთავაზეთ, მზად ვართ დიალოგისთვისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი კომპრომისია პლებისციტის პირდაპირ თარიღის დანიშვნა, რომელიც შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ხელისუფლებამ ჩაატაროს, მის ხელშია ეს ბერკეტი“, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა