ხათუნა სამნიძე - ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებული, გაღიზიანებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქციები აქვს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან გუშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 7 ადამიანის დაკავების ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აქციები ჯერ კიდევ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო დაგეგმილი.

„აქციები რამდენიმე ხნით ადრე იყო დაგეგმილი, რომლის გაუქმების გაწყვეტილება არ მივიღეთ. მერე უკვე შევახსენეთ აქტივისტებს, რომ ყოფილიყო მაქსიმალური სიმშვიდე. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, იყოს აქციები და დემონსტრაცია, რადგან მოლაპარაკებებში ვართ. საზოგადოებას უნდა, რომ ჩართული იყოს აქციებში, ეს არის მათი მონაწილეობა ამ საპროტესტო ტალღაში. კარგია, რომ პრემიერის განცხადების და რაც ვნახეთ იმის შემდეგ, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს ფორმების ტრანსფორმირება. ანუ, აღარ იქნება შემხებლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღარ იქნება ხმაურიანი აქციები, იქნება მაქსიმალურად მშვიდობიანი, უფრო მსვლელობები. ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებული, გაღიზიანებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქციები აქვს. ეს არ არის სწორი, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელმაც გარკვეული თვალსაზრისით შექმნილი ვითარება ჩიხიდან გამოიყვანა.

„პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ და ხელისუფლება ერთად დავმსხდარიყავით, ანუ ჩიხში ვიყავით. ნიკა მელიას დაპატიმრება ჩიხი იყო. ეს განზრახ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, აღარ უნდოდა დიალოგზე წასვლა, ჩვენზე გადმოიტანა პასუხისმგებლობა, შეწყვიტა დიალოგი თუ შეცდომა დაუშვა, ამას ახლა არ შევეხები, უფრო მიზანმიმართულ ქმედებას დავარქმევდი, მაგრამ ჩიხში ვიყავით. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი ნამდვილად არ იყო გათვლილი იმაზე, რომ ამ კონფლიქტის მოდერაციაში ჩართულიყო“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებების დროს ნორმალური ატმოსფერო იყო, რა დროსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც დაადასტურა, რომ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც.

„მელიას თემა ნახსენები იყო, რურუას თემაც. პრემიერმა იქ თქვა ის, რასაც ამბობს ხოლმე, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ის თავისუფალია, ეს უთხრა პრეზიდენტ მიშელს. ჩვენ რომ ვთქვით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე არ გადაწყდება ეს კონფლიქტიო, ღარიბაშვილმა თქვა, მე არ ვეთანხმები რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასო“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებების პროცესში პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ფრთხილი საუბარი მართებთ.

„ჩვენი მთავარი შეთანხმება იყო, რომ „წითელი ხაზები“ დღეის მდგომარეობით არ არსებობს, სანამ შემდეგი შეხვედრა არ იქნება. ვთქვით, რომ ყველა საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც ფურცელზე პრეზიდენტმა მიშელმა დაწერა. არავინ იცის შევთანხმდებით თუ არა, შეიძლება შეთანხმება არც შედგეს და პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე. შეთანხმება თუ არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირზე, რომელიც გვეუბნება, მე ვერთვები უმაღლეს დონეზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ და რაღაც დასათმობი გექნებათ. არავის აქვს ილუზია, რომ ორივე მხარეს რაღაცის დათმობა არ მოუწევს. ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელზეც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო