დავით ზალკალიანი - საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე

საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია. ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დავით ზალკალიანი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს ვიზიტი წარმოადგენს კარგ საშუალებას იმისათვის, რომ მხარეებმა იმსჯელონ ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ რეგიონალურ კონტექსტშიც.

„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი - ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შეხვედრებისას, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი.

„თანამშრომლობა, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება განსახილველ საკითხებს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, განხილულ იქნება გლობალური პანდემიის თემა და ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამ პერიოდში თურქეთმა საქართველოს გაუწია.

მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება საერთო გამოწვევებს, როგორც პანდემიის დამარცხების კუთხით, ისე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით და ცხადია, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანკარას და ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილება.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაპაუზებული ურთიერთობები განახლდება და მას მიეცემა ახალი იმპულსი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ასევე, შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს.

ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს