მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თოდუამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნის.

თოდუას თქმით, საჩივარში ყურადღებას იმ დარღვევებზე გაამახვილებს, რომელსაც კალანდიას მიმართ ადგილი ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას. თოდუა მიიჩნევს, რომ კალანდიას ეს უფლება დაერღვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, განსაკუთრებით, კი, ეს დარღვევა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა.

ზურაბ თოდუა ასევე გამოეხმაურა სარალიძის საქმეზე დანაშაულის დაფარვაზე მსჯავრდებულ დაჩი ღლონტის გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ თუკი, დაჩი ღლონტის საქმეზე, ასევე, საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი მენაბდის დაჭრის ფაქტზე ობიექტური გამოძიება წარიმართება, ეს კალანდიას საქმეს დაანგრევს.

„დაჩი ღლონტი გაათავისუფლეს. მას დანაშაულის დაფარვისათვის 3 წელი ჰქონდა მისჯილი. ის არის პირი, რომელიც დათუნა სარალიძეს ბოლომდე დაუდგა გვერდით, დაჭრილს სასწრაფოს მოსვლამდე პატრონობდა. ამ დროს, ყველა მისი კლასელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ამ ბავშვის დაპატიმრება ზაზა სარალიძის ახირება იყო. ის დაჩისგან კალანდიაზე ხელის დადებას ითხოვდა. არადა, ღლონტი საჯაროდაც ეუბნებოდა - რაც არ მინახავს, როგორ ვთქვაო. ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე „კუპრავას გამოძიებით“ ახირდა. კუპრავამ ჩაწერა ის ფარულად, სადაც ათქმევინა, რომ მან იცოდა, რომ მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ პოლიციაში არ განაცხადა, ანუ დანაშაულის დაფარვა „გაუჩალიჩა“ მისთვის სასურველი ჩვენების მიუცემლობის გამო. ასეთი დანაშაული იმ დღეს მინიმუმ, 34 მოწმეს აქვს ჩადენილი, თუმცა, არც ერთი პასუხისგებაში მიცემული არ არის. ობიექტური გამოძიება დაჩი ღლონტის საქმეზე კალანდიას საქმეს დაშლის.

საქმეში დევს ერთი მტკიცებულება - გუგა ბარბაქაძის ფარული ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს დაკანონებული აქვს, სადაც ეს მოწმე - დადუნაშვილის მკვლელობისათვის გასამართლებული ამბობს, რომ ის ჩხუბში მაშინ ჩაერთო, როდესაც დაინახა, თუ როგორ დაარტყეს გიორგი მენაბდეს ზურგში დანა. ეს ბიჭი, ვინც მენაბდე დაჭრა, გუგა ბარბაქაძეს დეტალურად ჰყავს აღწერილი, მისი ამოცნობა არანაირი პრობლემა არ იყო გამოძიებისათვის, რამდენიმე ვიდეოზეა ასახულ-დახატული. საქმე იმაშია, რომ ეს აღწერილობა ძალიან ჰგავს დაჩის. მენაბდის დაჭრის საქმე მოჩვენებითადაა გამოძიებაში, ფაქტობრივად, თაროზეა შეგდებული და არავინ იძიებს.

კალანდიას საქმეზე არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა ამ ფარულ, კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებაზე. საინტერესოა რატომ - ამ მტკიცებულების გამოყენება დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით აუკრძალა - თავი შეიკავეთო, უთხრა გამოძიებას, სასამართლოს. აქედან გამომდინარე, ყველაზე არსებითი გარემოება რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ - რას აფუჭებდა მენაბდე ფარდულში ისეთს, რომელმაც სარალიძის ბავშვობის მეგობრის ასეთი აგრესია გამოიწვია, რატომ არ იქნა ეს აგრესია კალანდიას მიმართ მიმართული, ვინაიდან, იმ დროს, მენაბდის დამჭრელი კალანდიასთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე მენაბდე.

მოკლედ, დაჩი ღლონტი მთელი ეს დრო ციხეში პოლიტიკური გარიგებით შემდგარი განაჩენით იჯდა. როდესაც გიორგი გახარიამ საქმე გადაიბარა, ზაზა სარალიძე ერთ-ერთ მოთხოვნად დაჩი ღლონტის დაპატიმრებასაც ასახელებდა, ანუ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „გამომძიებელი კუპრავა“ და მისგან მართული ზაზა სარალიძე იმედოვნებდნენ, ციხეში მაინც შეიძლება ალაპარაკდესო. ამ უნიათო ხელისუფლებაში, თუნდაც, ამ საქმის ობიექტური გამოძიება, დაარღვევს კალანდიას საქმეს. ამიტომ არ მიმდინარეობს გამოძიება მენაბდის დაჭრის საქმეზე, დაჩი ღლონტის საქმეზე და ასევე ხორავას ქუჩის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, რომელსაც მოწმეებზე ზეწოლის სახელით თითქოს, იძიებენ“, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო