სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად და სიტუაციის დეესკალაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა მკაცრად გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას და თვლიან, რომ მისმა დაპატიმრებამ სერიოზულად გააღრმავა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი. ამის შესახებ განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ავრცელებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს და მხარეებს შორის ვადამდელ არჩევნებზე სერიოზული მსჯელობა დაიწყოს.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გავლებულმა „წითელმა ხაზებმა“ გვერდზე უნდა გადაიწიოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის და „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და პოლიტიკური დიალოგის დიპლომატიური კორპუსის მედიაციით გაგრძელებას მოითხოვენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მკაცრად გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას. 23 თებერვალს გამთენიისას, საქართველოს პოლიცია შეიჭრა „ენმ“-ის სათაო ოფისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პოლიციამ ნიკა მელია პარტიის შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

აღნიშნულმა დაპატიმრებამ დააგვირგვინა მოვლენათა ციკლი, რამაც სერიოზულად გააღრმავა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი. 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2019 წლის ზაფხულში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის“ დაწესებული გირაოს ნაცვლად. მეორე დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გადადგა პარტიის წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მელიას დაკავების გადადების შესახებ. თუმცა, 22 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ წამოაყენა ამ საკითხთან მიმართებით მკვეთრი და პოლარიზებული პოზიცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ თანხმდებიან, რომ აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ ართულებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს კი მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აქცევს. ნიკა მელიას დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას და საბოლოოდ გამოიწვევს არსებული ვითარების შემდგომ ესკალაციასა და დაზარალებას.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველო იყო დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურა რეგიონში და ევროპული ინტეგრაციის ჩემპიონი მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ავტორიტარული პრაქტიკის მიმართულებით ასეთი აშკარა უკუსვლა არ უწყობს ხელს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის კომპრომისები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსტრუქციული ვითარების შექმნას შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის კრიზისის დასაძლევად.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ გთავაზობთ შემდეგ ნაბიჯებს სიტუაციის დეესკალაციისა და კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად: სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია; გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი დიპლომატიური კორპუსის მედიაციით; განხილულ იქნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა; მოლაპარაკებებში ჩართული პოლიტიკური აქტორების მიერ განისაზღვროს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს: ა) კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისთვის,მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის ბ) ანგარიშვალდებულების ეფექტური მექანიზმების დანერგვისათვის ხელშეწყობას. დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კოალიციების ფართო მონაწილეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და "საქართველოს ეროვნული პლატფორმა" პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად და სიტუაციის დეესკალაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო