არჩილ თალაკვაძე - ემოციები და ულტიმატუმი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა სიტუაციის დეესკალაციისთვის.

„ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში (სხვათა შორის, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით შეხვედრაში, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმა ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა) ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას. მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

როდესაც პარლამენტში შემოსვლაზე და ჩართვაზეა საუბარი, რამდენიმე ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, თითქოს, პარლამენტში ოპოზიციის ჩართვა და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში, აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ასეთი კომენტარებიც კი მოვისმინე.

მინდა პირდაპირ ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში.

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას. მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.

ვეხმაურებით მოთხოვნას, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას“,-აცხადებს თალაკვაძე.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მუშავდება საარჩევნო პროცედურებსა და ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით.

„მიმდინარე დღეებში თვალს ვადევნებდით დისკუსიას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ოპოზიციამ მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც იმუშავა საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტთან დაკავშირებით.

ეს არის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, ეს „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმის საგანიც გახლდათ. როგორც ყოველთვის, ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირებულია. მინდა ვთქვა, თუ ოპოზიციის მეორე ნაწილს სურს პროცესში ჩართვა, თუ მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები, რა თქმა უნდა, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში იქნება გახსნილი იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს ჩაერთოს პარლამენტში სამუშაო პროცესში, განხილვებში და მოიტანოს ის წინადადებები, რომელზეც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ თითქოს, ეს არ არის წარმოდგენილი მიმდინარე პაკეტში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების გაკეთება, რაც ყველა წინა ადმინისტრაციის და წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის ყველა თაობის დიდი სურვილი გახლდათ. სამწუხაროდ, წინა პერიოდებში ვერ მოხდა ამ ცვლილებების განხორციელება, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეს გააკეთა და მე-10 მოწვევის პარლამენტიც ამ რეფორმებზე მუშაობას აგრძელებს.

კონკრეტულად, დავნერგეთ არსებითად პროპორციული სისტემა არჩევნებისთვის და სრულად პროპორციული სისტემა 2024 წლიდან. ჩვენ შევცვალეთ პარტიების დაფინანსების მოდელი, რაც ასევე ფუნდამეტური ცვლილებაა და დადებითად იყო შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს ვამუშავებთ საარჩევნო პროცედურებში და ხმის მიცემის პროცესში შემოგვაქვს გადათვლის მექანიზმი როგორც ერთ-ერთი მყარი გარანტია, რომ ყველა კითხვაზე დაუყოვნებლივ იყოს პასუხები გაცემული. ასევე, არის კომისიის დაკომპლექტებასთან თუ სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“,-აცხადებს თალაკვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო